კვირას გვიან ღამით თეთრ სახლთან ასობით ფეხბურთის გულშემატკივარმა მოიყარა თავი. ვაშინგტონელები ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების გამარჯვებას ზეიმობდნენ. ქალთა ნაკრებმა ფიფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და იაპონიის ნაკრებს ანგარიშით 5:2 მოუგო. ფინალური მატჩი კანადის ქალაქ ვანკუვერში კვირას საღამოს გაიმართა.
ამერიკის ნაკრებს ერთმანეთის მიყოლებით სამი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვს მოპოვებული და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში უკვე ზედიზედ მეორედ მოხვდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ბოლოს 16 წლის წინ მოიპოვა. ფეხბურთი ქალებს შორის თანდათან უფრო პოპულარული ხდება. ქალთა პროფესიული საფეხბურთო ლიგების რაოდენობა მთელ მსოფლიოში იზრდება. ამის დასტურია ისიც, რომ 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 25 გუნდამდე გაიზარდა.