ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას კენჭი სამშაბათს უნდა უყაროს. ამ კენჭისყრის შემდეგ, დიდი ალბათობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მომავალი პირველი დიპლომატი ენტონი ბლინკენი იქნება.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ბლინკენის კანდიდატურას 15 ხმით 3-ის წინააღმდეგ მხარი უკვე დაუჭირა და ახლა კენჭი სენატის სრულმა შემადგენლობამ უნდა უყაროს.
გასულ კვირას გამართული მოსმენებისას, ბლინკენმა სენატორებს განუცხადა, რომ ის მზადაა დაუპირისპირდეს იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებსაც ამერიკას ჩინეთი, ირანი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უქმნიან.
მისი თქმით, ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის "ჩინეთი მნიშვნელოვან გამოწვევას" ქმნის, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცე კვლავ არსებობს.
"არის მზარდი საწინააღმდეგო, საპირისპირო ასპექტები ჩვენი ურთიერთობისა, ნამდვილად კონკურენციის თემებიც, მაგრამ არსებობს სივრცე თანამშრომლობისთვისაც, როდესაც ეს ჩვენი, ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება", - თქვა ბლინკენმა.
მან ასევე პირობა დადო, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში სულისკვეთებას გააუმჯობესებს და დიპლომატიურ კორპუსებს "გააცოცხლებს და გააძლიერებს". ამერიკა, მისი თქმით, მსოფლიოში კვლავ ლიდერი იქნება, ეს ლიდერობა კი "თავმდაბლობასა და თავდაჯერებას" დაეფუძნება.
ბლინკენს მოსმენისას საქართველოს შესახებაც ჰკითხეს. რესპუბლიკელმა სენატორმა კენტუკის შტატიდან, რენდ პოლმა, რომელიც ნატოს ღია კარის პოლიტიკას უკვე წლებია ეწინააღმდეგება, სახელმწიფო მდივნობის კანდიდატს საქართველოს ნატოში წევრობის შესახებ დაუსვა შეკითხვა. ბლინკენმა განაცხადა, რომ ის საქართველოს წევრობას ემხრობა, თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.
ბლინკენმა დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინის შეკითხვასაც უპასუხა, რომელიც რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. სენატორმა მას ჰკითხა, თუ როგორ გააგრძელებს ახალი ადმინისტრაცია ვლადიმირ პუტინის რეჟიმზე ზეწოლას. ბლინკენმა აღნიშნა, რომ რუსეთი მრავალ სხვადასხვა ფრონტზე უქმნის ამერიკას მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ უნდა უპასუხონ.
„გასაოცარია, როგორ ეშინია ვლადიმირ პუტინს ამ ერთი ადამიანის. ეს ბევრის მთქმელია. ვფიქრობ, ბატონი ნავალნი არის მილიონობით რუსის ხმა და მათი ხმა უნდა იყოს გაგონილი რუსეთში. ბატონი ნავალნის გაჩუმებით, ამ ხმის გაჩუმების მცდელობა არის ის, რასაც მტკიცედ ვგმობთ. ჩვენ ამაზე ხმამაღლა ვსაუბრობდით და გავაგრძელებთ ამის კეთებას. უფრო ფართო კონტექსტში კი, რუსეთის მიერ სხვადასხვა ფრონტზე შექმნილი გამოწვევები, ასევე გადაუდებელ ყურადღებას საჭიროებს და ეს საკითხი მომავალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში უმთავრეს საკითხებს შორისაა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენი 58 წლის გამოცდილი დიპლომატია. მას რამდენიმე ადმინისტრაციის პერიოდში სხვადასხვა წამყვანი თანამდებობა ეკავა. 2013 - 2015 წლებში ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო, შემდეგ 2 წლის განმავლობაში კი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მანამდე კი მუშაობდა სენატში და სხვა უწყებებში.
Facebook Forum