ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიხუანის ფედერალური დეკრიმინალიზაცია - რესპუბლიკელების ახალი კანონპროექტი


შეერთებულ შტატებში მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხს უკვე წლებია განიხილავენ. ფედერალურ დონეზე სარეკრეაციო მარიხუანა ლეგალური ჯერ მაინც არ არის, რადგან კონგრესის დემოკრატებსა და რეპუბლიკელებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება. თუმცა, ფედერალური მთავრობის მიღმა, ამერიკის 18 შტატში რეკრეაციული მარიხუანა უკვე ლეგალურია, 36 შტატში კი მისი გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის არის დაშვებული.

თუ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ლიბერალიზაციას აქამდე უფრო მემარცხენე ძალები ცდილობდნენ, ახლა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ფედერალურ დონეზე მოხდეს. კანონმდებელმა სამხრეთ კაროლინიდან, ნენსი მეისმა ახალი კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც როგორც თავად ამბობს, „კომპრომისულია“ და ნაკლებად მძიმე რეგულაციებს ითვალისწინებს, ვიდრე მანამდე დემოკრატების მიერ წარდგენილი კანონპროექტი იყო.

ახალი კანონპროექტით თუ მარიხუანა ლეგალური გახდება, ის უნდა დარეგულირდეს იმავე პრინციპით, როგორც ეს ალკოჰოლის გამოყენების დროს არის დასაშვები. წარმომადგენელთა პალატა ამ დროისთვის დემოკრატების მიერ კონტროლდება და შანსი, რომ რესპუბლიკელთა ეს ინიციატივა დამტკიცდეს, ნაკლებია.

მარიხუანა ამერიკაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:30 0:00

ნენსი მეისთან ერთად, ახალ ინიციატივას მხარს მისი ხუთი კოლეგაც უჭერს. „ეს კანონპროექტი დაეხმარება ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე ბიზნესს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“- ამბობს მეისი. რესპუბლიკელი კანონმდებელი ამ შემთხვევაში იმ პრობლემების მოგვარებაზე საუბრობს, რაც მეწარმეებს მარიხუანის წარმოების პროცესში აქვთ. საქმე იმაშია, რომ ფედერალური კანონმდებლობით მარიხუანა კვლავ არალეგალურად მიიჩნევა. სწორედ ამიტომ ხედავს კანონმდებელი ბიზნესის დახმარების და სფეროს დარეგულირების საჭიროებას.

ამერიკასა და მსოფლიოში ბიზნესის ეს მიმართულება მზარდია და პოტენციალი მას კიდევ უფრო დიდი აქვს. სწორედ ამიტომ, ამერიკის იმ შტატებში, სადაც მარიხუანა ლეგალურია, ადგილობრივი მთავრობები ბიზნესის ხელშეწყობას ცდილობენ.

განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ახალი კანონპროექტი ფედერალურ დონეზე 21 წლამდე ასაკის პირებისთვის მარიხუანის გამოყენებას კრძალავს და ზღუდავს რეკლამას. ის კანაფის მომხმარებელ მსჯავრდებულთათვის შეღავათებსაც ითვალისწინებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG