„ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ქვეყნის არსებობის მანძილზე რელიგიური თავისუფლების დაცვა ყოველთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებდა,“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციისას 13 სექტემბერს.
უახლესი ანგარიში 198 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აფასებს და ამ სფეროში საანგარიშო პერიოდი 2010 წლის ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
დღესდღეობით, ადამიანებს არაერთი სახელმწიფო უკრძალავს ფუნდამენტური უფლების-აღმსარებლობის თავისუფლად გამოხატვას. ამ უფლებაში იგულისხმება ადამიანის არჩევანიც-არ ირწმუნოს მთავრობის რჩეული რელიგია და შესაბამისად, არ მისდიოს მას.
ირანში, ხელისუფლება აგრძელებს სუფიზმის მიმდევრების, ევანგელისტი ქრისტიანების, იუდეველების, ბაჰაისტების, აჰმადის მიმდევრების დევნას-სხვანაირად, ავიწროებს იმათ, ვინც მთავრობის რელიგიურ შეხედულებებს არ იზიარებს.
ჩინეთში, ტიბეტელი ბუდისტები, უიღური მუსლიმები, და იმ ქრისტიანული დენომინაციის წევრები, რომლებიც სახლში ასრულებენ ღვითისმსახურებას, ხელისუფლების მხრიდან იდევნებიან. ერითრიაში, 43 წლის ევანგელისტი ქრისტიანი ციხეში გარდაიცვალა. სავარაუდოდ მას 18 თვე აწამებდნენ და მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობას არ უტარებდნენ, მას შემდეგ რაც მან საკუთარი რწმენა არ დაგმო.
ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ხალხების დემოკრატიისკენ სწრაფვამ მსოფლიო აღაფრთოვანა, მაგრამ იმავდროულად რეგიონში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ ახალი საფრთხეები გამოააშკარავა.
ადამიანები იქ საკუთარი მეზობლების ხელით კვდებოდნენ ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების გამო. იყო შემთხვევები, როცა ხელისუფლება შორიდან აკვირდებოდა სხვადასხვა სექტებს შორის გაჩაღებულ დაპირისპირებას და გამწვავებულ რელიგიურ შუღლს.
ზოგიერთმა ქვეყანამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა რელიგიური შემწყნარებლობის ხელშესაწყობად.
მაგალითისთვის, თურქეთში მთავრობამ გამოსცა დეკრეტი, რომლის ძალითაც არა-მუსლიმანური რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს მთავრობის მიერ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ.
რელიგიური თავისუფლება და შემწყნარებლობა მნიშვნელოვანია სტაბილური ქვეყნის მშენებლობისთვის, როცა ხელისუფლება პატივს სცემს სხვადასხვა აღმსარებლობას და სამოქალაქო საზოგადოებასთანაც მუშაობს. ასევე მნიშვნელოვანია, როცა ხელისუფლება რელიგიური უმცირესობების მისამართით განხორციელებულ ძალადობრივ ფაქტებს იძიებს, რაც კიდევ უფრო მეტად ამკვიდრებს ტოლერანტობის კულტურას.
რელიგიური შემწყნარებლობა მდგრადი დემოკრატიის და მშვიდობიანი საზოგადოების აუცილებელი კომპონენტია, საზოგადოებისა, რომელიც თითოეული ადამიანის უფლებებს და ღირსებას სცემს პატივს.
ეს კი თავის მხრივ სტაბილურობას, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და გლობალურ მშვიდობას უწყობს ხელს.