პენტაგონი თეთრ სახლს ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალების გაგზავნის შესახებ ესაუბრება. ჯერჯერობით, უცნობია დაამტკიცებს, თუ არა თეთრი სახლი ამ წინადადებას, უარყოფს მას, თუ მხოლოდ სამხედროების ნაწილის გაგზავნას დათანხმდება. პენტაგონს აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.
„ჩვენ არ განვიხილავთ და არ ვაპირებთ სპეკულაციას მომავლის პოტენციურ გეგმებზე და სამხედროების მოთხოვნაზე“, - განაცხადა სამხედრო მეთაურმა და პენტაგონის პრესსპიკერმა, რებეკა რებარიჩმა.
ახლო აღმოსავლეთში, თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირება იზრდება. პრეზიდენტმა ტრამპმა ირანის ნავთობის ექსპორტის განულებისთვის ზომები მიიღო და გაზარდა შეერთებული შტატების სამხედრო წარმომადგენლობა სპარსეთის ყურეში. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ნაბიჯები მიზნად რეგიონში ირანის საფრთხის შეკავებას ისახავს.
თუმცა, მიუხედავად რიტორიკისა, გასულ კვირას, მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელს პატრიკ შანაჰანს უთხრა, რომ მას ირანთან ომი არ სურს.
დამატებითი სამხედროების გაგზავნის გადაწვეტილება ტრამპის პოზიციის ცვლილება იქნება. პრეზიდენტი წარსულში აცხადებდა, რომ მას სურდა შეემცირებინა ამერიკის სამხედრო წარმომადგენლობა ახლო აღმოსავლეთში. გასულ დეკემბერს, პრეზიდენტმა სირიიდან 2000 ამერიკელი სამხედროს გამოყვანის გადაწვეტილება მიიღო. თუმცა, თებერვალში მან ადგილზე 400 სამხედროს დატოვებას დაუჭირა მხარი.
Facebook Forum