ამერიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ისევ მატულობს. ამის გამო, ქვეყნის რამდენიმე დიდმა სამედიცინო ჯგუფმა მოითხოვა, რომ მედიკოსებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს. მათი თქმით, ეს არის მათი მორალური აუცილებლობა, რათა ვირუსის გავრცელებას ხელი არ შეუწყონ.
"ამერიკის სამედიცინო ასოციაცია", "ამერიკის მედდათა ასოციაცია" და 55 სხვა მსგავსი ჯგუფი, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც შემდეგი წერია: ”ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვისა და გრძელვადიანი ჯანდაცვის ყველა დამსაქმებელს, მოითხოვონ მათი თანამშრომლების ვაქცინაცია COVID-19– ის წინააღმდეგ".
ამ ჯგუფების უმეტესობა პირველად ითხოვს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს. მათი არგუმენტი ისაა, რომ "ამერიკელი მშრომელების, მათი ოჯახებისა და საზოგადოების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზეა დამოკიდებული მთელი ერი".
განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში, "ამერიკის ვეტერნათა დეპარტამენტმა", რომელიც 1,700 სამედიცინო ცენტრს განაგებს, განაცხადა, რომ ისინი პერსონალისთვის ვაქცინაციას სავალდებულოდ აცხადებენ. ეს პირველი ფედერალური სააგენტოა, სადაც სავალდებულო ვაქცინაცია მოითხოვეს.
სავალდებულო გახადა ვაქცინაცია ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში მდებარე ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა საავადმყოფომაც. მათ ივნისში 150-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს სამსახურიდან იმიტომ, რომ ვაქცინის მიღებაზე უარი განაცხადეს.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ მედდების საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია აცრილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ვაქცინაზე ხელი სხვებზე ადრე მიუწვდებოდათ.
Facebook Forum