შეერთებული შტატები, ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით, დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანას უსწრებს. მას შემდეგ, რაც ტესტერები შედარებით ხელმისაწვდომი გახდა, ხუთშაბათს, დღის ბოლოს, ქვეყანაში 85 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
თუ ჩინეთი დაავადებულთა სწორ რაოდენობას აქვეყნებს, იქ კოვიდ-19 81 000 ადამიანს სჭირდა. იტალიაში ინფიცირების შემთხვევები 80 500-ს გაუტოლდა. ისიც უნდა აღინიშნოს, ეს მონაცემები მხოლოდ ტესტირებულ ადამიანებს ეხება და რეალურად ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა რამდენჯერმე მეტი იყოს.
კორონავირუსის გავრცელების მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ეპიცენტრი ახლა ნიუ-იორკის შტატია, ძირითადად კი - ქალაქი ნიუ-იორკი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული. იქ ხუთშაბათს ინფიცირების 21 000 დადასტურებული შემთხვევა იყო. ოფიციალური წყაროების მიხედვით, ეს მონაცემი ყოველდღიურად, სულ ცოტა, 3 000-ით იზრდება.
დღეს კონგრესში მოელიან, რომ ხმას მისცემენ 2 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეკონომიკური შეღავათების პაკეტს, რომელიც სენატმა უკვე დაამტკიცა. წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შემდეგ, ბოლო ეტაპი პრეზიდენტის ხელმოწერა იქნება. პაკეტი ბიზნესების და რიგითი ამერიკელების დახმარებას ითვალისწინებს.
წინასწარი მონაცემებით, დახმარებას მიიღებს თითოეული ადამიანი, რომლის წლიური შემოსავალი 99 000 დოლარს არ აღემატება. თუმცა, შემოსავლების მიხედვით, თანხა განსხვავებულად გადანაწილდება და მარტოხელა ადამიანისთვის ის შეიძლება 400-დან 1 200-მდე იყოს. ოთხსულიანი ოჯახისთვის - 4 000 დოლარამდე.
განახლება: ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში ინფიცირების 90 710 შემთხვევა აღირიცხა. კოვიდ-19-ის მიზეზით გარდაიცვალა 1 347 ადამიანი.
Facebook Forum