ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დეფოლტი ამერიკაში და გლობალური საფრთხე


მთელი მსოფლიო შეშფოთებით ადევნებს თვალს საბიუჯეტო კრიზისის დინამიკას ამერიკაში

შეერთებულ შტატებს დეფოლტის საფრთხე ემუქრება. ოქტომბრის თვეში გაჭიანურებული საბიუჯეტო კრიზისის გამო, მთელ მსოფლიოში იზრდება შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ რესპუბლიკელთა და დემოკრატთა პრინციპული უთანხმოების გამო, შესაძლოა ქვეყანას ვერც დეფოლტი აცდეს. ამ ფაქტს არამარტო ამერიკის, არამედ გლობალური ეკონომიკისთვისაც უზარმაზარი ზიანის მოტანა შეუძლია.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერი, ჯონ ბეინერი მიანიშნებს, რომ ის მზად არის პირველად ამერიკის ისტორიაში დეფოლტი გამოცხადდეს, თუკი პრეზიდენტი ობამა ფედერალური საბიუჯეტო დანახარჯების საკითხში კომპრომისზე არ წავა. 17 ოქტომბრამდე კონგრესში საგარეო ვალის ზედა ზღვრის გაზრდის შესახებ მოლაპარაკება თუ ვერ შედგა, ამერიკის მთავრობა დავალიანების გადახდას ვეღარ შეძლებს.

დემოკრატი პრეზიდენტი ამბობს, რომ ის მოლაპარაკებას ნებისმიერ თემაზე გამართავს, მაგრამ არა - მუქარის ფონზე.

„არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებას ეკონომიკის და საშუალო კლასის მეტად დაზარალების მუქარის პირობებში. არც მთავრობის დახურვის მუქარით იმისთვის, რომ რესპუბლიკელთა მოთხოვნები 100 პროცენტით დაკმაყოფილდეს. არ ვაპირებთ მოლაპარაკების გაგრძელებას იმ ეკონომიკური კატასტროფის მუქარის ქვეშ, რომელზეც ეკონომისტები გვაფრთხილებენ, თუკი კონგრესის გადაწყვეტილებას დეფოლტი მოჰყვა“ - აცხადებს პრეზიდენტი ობამა.

ანალიტიკოსები დიდი ხანია მთავრობის დახურვის უარყოფით ეკონომიკურ ეფექტებზე საუბრობენ. დეფოლტის შემთხვევაში კი სიტუაცია ბევრად უფრო გაუარესდება. საგარეო ურთიერთობათა პროფესორი ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტში, კლაუს ლარესი, თვლის, რომ ეს მსოფლიო ეკონომიკისთვის სრული კატასტროფა იქნება, რადგან გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ის ჯერ კიდევ ჭრილობებს იშუშებს.

ვფიქრობ, გლობალური რეცესია უარესი სიმძლავრით მოგვიბრუნდება. უმკაცრესი ეკონომიკური და ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოვჩნდებით. დეფოლტის შედეგები მთავრობის დახურვის ეფექტებში არ უნდა აგვერიოს“.

პროფესორ ლარესის თქმით, ამერიკის დეფოლტი მომენტალურად მთელ მსოფლიოზე აისახება. შესაძლოა შეიცვალოს დოლარის, როგორც საერთაშორისო ვალუტის პოზიცია და ამერიკის, როგორც მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის როლი.

„არასოდეს მომხდარა, რომ ასეთ დიდ, მსოფლიოს წამყვან ქვეყანას, საგარეო ვალებზე ტექნიკური მიზეზების გამო, დეფოლტი გამოეცხადებინოს. შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ძალიან მდიდარი, შეძლებული ქვეყანაა, მას ფული აქვს“.

ჩინეთი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, ვინც შეშფოთებით ადევნებს თვალს საბიუჯეტო კრიზისის დინამიკას. მას ამერიკის ეკონომიკაში ტრილიონ დოლარზე მეტი აქვს ჩადებული. ანალიტიკოსი თვლის, რომ საზღვარგარეთ კარგად არ ესმით ამერიკული კრიზისის მნიშვნელობა, განსაკუთრებით ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი.

„რა არის ვალის ზედა ზღვარი, რატომ უნდა გაიზარდოს ის? უცხოელები ასეთ შეკითხვებს იმიტომ სვამენ, რომ ამერიკის და დანიის გარდა, არცერთ სხვა ქვეყანას საგარეო ვალის გასაზრდელად ამის გაკეთება არ სჭირდება. ასე რომ, გასაგებია, თუ რატომ არ ესმით ბოლომდე ეს საკითხი“.

პროფესორ ლარესის აზრით, მთავრობის დახურვის უარყოფითი შედეგები ჯერ კიდევ შედარებით მსუბუქია. მაგრამ მის გაჭიანურებასაც შეუძლია ღრმა და სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს. საბოლოო ჯამში კი შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური ლიდერის როლი შესუსტდება.
XS
SM
MD
LG