ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა საქართველოსთვის გაწეული დახმარების ნაწილს დემოკრატიის გამყარებას უკავშირებს


ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი გამოაქვეყნა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის ამერიკის საგარეო დახმარების პრიორიტეტებზე და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზეა საუბარი.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს საქართველოს დახმარების სახით მიეწოდება არანაკლებ 132 025 000 ამერიკული დოლარისა. თუმცა დოკუმენტში იქვე აღნიშნულია, რომ ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ წარუდგენს კომიტეტს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს რამდენიმე მიმართულებით. ამაში კერძოდ შედის: დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, მთავრობაში კორუფციასთან ბრძოლა, კერძო სექტორის საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით კანონის უზენაესობის დაცვა და ქვეყანაში უცხოური ბიზნესის შევიწროების გამორიცხვა, მათთვის საქართველოში ჩადებული ინვესტიციებისგან კომერციული და ფინანსური მოგების მიღების კუთხით.

კანონპროექტი აკონკრეტებს გამონაკლის შემთხვევებს, რომლებზეც დახმარების შეჩერება არ ვრცელდება. ეს არის პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაღრმავებას, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის განვითარებას ან მიმართულია გენდერული ძალადობის შემცირებაზე.

დოკუმენტი ასევე საუბრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე - ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე. აქტი აცხადებს, რომ კონგრესი კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებს ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG