ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კერი ჩინეთში ჩრდილოეთ კორეაზე ისაუბრებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი აღმოსავლეთ აზიაში მიემგზავრება, სადაც შეხვედრების მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხე იქნება.

ჩრდილოეთ კორეამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და სამხედრო ძალების წვრთნა დაიწყო. მიუხედავად ამისა, ჯონ კერი აცხადებს, რომ ფხენიანს კვლავ აქვს შანსი თავი დააღწიოს საერთაშორისო იზოლაციას, რომელიც მისი ბირთვული პროგრამის გამო შეიქმნა. ამ ვითარებაში მთავარი როლი ჩინეთს ეკისრება.

„მათ შეუძლიათ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და შეუერთდნენ სხვა ქვეყნებს, მათი უახლოესი მეზობლის - ჩინეთის ჩათვლით, რომელსაც უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია და რომელიც ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას ჩრდილოეთ კორეასთან,“ - განაცხადა კერიმ.

ჩინეთის ახალი ხელისუფლება, როგორც ჩანს შეერთებული შტატების მიდგომას იზიარებს.

„ჩვენ შერიგება გვსურს და არა დაძაბულობა. ჩვენ გვინდა დიალოგი და არა კონფრონტაცია. კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტი არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ჩინეთი მოწოდებულია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის კორეის ნახევარკუნძულზე და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში,“ - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰონგ ლიმ.

„თუკი, ჩინეთი გააგრძელებს ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობას, როგორც მისი მთავარი სავაჭრო, საინვესტიციო პარტნიორი, მაშინ ჩვენ უნდა ველოდეთ მართვის გაუმჯობესებას და ფხენიანის მხრიდან ეკონომიკურად და პოლიტიკურად ეფექტიან და უკეთეს სოციალურ პოლიტიკას,“ - აღნიშნავს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი ალექსანდერ მანსუროვი.

ამან კი ფხენიანში ვითარების შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს. მანსუროვის აზრით, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერი გავლენა აქვს ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩრდილოეთ კორეაზე.

„მათ იმაზე ნაკლები გავლენა აქვთ, ვიდრე ვინმეს გონია. ასევე მათ არ სურთ ამ გავლენის გამოყენება. ისინი რეალურად აჩვენებენ, რომ ამ პრობლემის ნაწილი არიან,“ - ამბობს ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსი ბრუს კლინგერი. მისი აზრით, ამის მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში ჩინური ინვესტიციებია.

ბრუს კლინგერი ამბობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები უნდა განხორციელდეს არა მხოლოდ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ, არამედ ყველა იმ წევრის მიმართ, ვინც არღვევს საერთაშორისო გადაწყვეტილებებს.
შეერთებული შტატების ადმინისტრაცია კი იმედოვნებს, რომ ჩინეთი გაეროს სანქციებს შეუერთდება. აღმოსავლეთ აზიაში ვიზიტის დროს, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი სამხრეთ კორეას და იაპონიას ეწვევა.
XS
SM
MD
LG