ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა რუსეთს დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდებს


ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს სტოკჰოლმში რუს კოლეგას შეხვდა. სერგეი ლავროვთან პირისპირ შეხვედრა ეუთოს მინისტერიალის პარალელურად გაიმართა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, ენტონი ბლინკენმა ისაუბრა რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან სამხედრო გადაადგილებაზე. ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა შეერთებული შტატების მოწოდება რუსეთისადმი, უკან დაიხიოს, დააბრუნოს საკუთარი სამხედრო ძალები სამშვიდობო პერიოდის პოზიციაში და დაემორჩილოს მინსკის შეთანხმებითა და დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობებს.

ბლინკენმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ სამომავლო გზა დიპლომატია და მინსკის შეთანხმების სრული შესრულება უნდა იყოს. ამერიკის შეერთებული შტატები კი მზადაა ამ პროცესს მხარი დაუჭიროს. თუმცა თუკი მოსკოვი სამხედრო ესკალაციის გზას აირჩევს, ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა და მისი მოკავშირეები მზად არიან კრემლს მნიშვნელოვანი ფასი გადაახდევინონ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებით, მხარეები თანხმდებიან რომ ორმხრივი ურთიერთობის კუთხით სხვადასხვა საკითხზე კოორდინაციის გაგრძელება მნიშვნელოვანია, მათ შორის ირანის მიერ ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერებისა და იარაღის შექმნის თავიდან აცილების კუთხით. განხილულ საკითხებს შორის იყო კავკასიის რეგიონიც და ენტონი ბლინკენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი დიალოგის განახლების ძალისხმევა შეაქო. თუმცა, ასევე ისაუბრა ამერიკის მოქალაქეების, პოლ უელანისა და ტრევორ რიდის საქმეებზე, რომელთა გათავისუფლებაც ამერიკისთვის პრიორიტეტულია.

პენტაგონში ამბობენ, რომ ამერიკა მარტო არ იქნება, თუკი მას უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო მობილიზების წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმა მოუწევს. ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სამხეთ კორეაში გაემგზავრა, ჟურნალისტებს კი უთხრა, რომ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზე ვაშინგტონის პასუხთან დაკავშირებით სპეკულაციებს არ აპირებს, თუმცა მოსკოვმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა მარტო არაა და ნაბიჯები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ერთობლივად იქნება გადადგმული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG