დღეს 80 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის საჰაერო ძალებმა იერიში ამერიკის საზღვაო ძალებზე მიიტანა და პერლ ჰარბორი დაბომბა.
იაპონიის თავდასხმას 2 390 ამერიკელი შეეწირა. იერიშის მეორე დღესვე ვაშინგტონმა ტოკიოს ომი გამოუცხადა და შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, ეს ამერიკის ტეტრიტორიაზე მომხდარ ყველაზე მასშტაბურ თავდასხმად ითვლება.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს მეორე მსოფლიო ომის მემორიალი მოინახულა და მსხვერპლის პატივისცემის ნიშნად, ის გვირგვინით შეამკო. მას თან ახლდა მეუღლე ჯილ ბაიდენი, რომლის მამაც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის საზღვაო ფლოტში მსახურობდა. ომის ვეტერანების, მათი ოჯახის წევრების და ოფიციალური პირების მონაწილეობით, ცერემონია უკვე გაიმართა თავად პერლ ჰარბორში და დღეს ამერიკის ბევრ სხვა ქალაქშიც იგეგმება.
შეერთებულმა შტატებმა იაპონია 1945 წლის აგვისტოში დაამარცხა. რამდენიმე დღით ადრე კი იაპონიის ორ ქალაქზე იერიში ატომური იარაღით მიიტანა. ჰიროშიმა და ნაგასაკის დაბომბვამ მაშინ ასობით ათასი იაპონელი იმსხვერპლა.
Facebook Forum