ორ დღეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. პრემიერმა კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზეხელისუფლების პასუხიმგებლობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და მინისტრებს ძალადობის პრევენციის შესახებ მითითება მისცა: „ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ძალადობრივი არჩევნები და საერთოდ დავიწყებული იქნას სიტყვა, რასაც ერქვა წარსულში გაყალბებული ძალადობრივი არჩევნები. მინდა, მოვუწოდო ძალოვანებს, რომ არ მისცეთ საბაბი არავის, თქვას ერთი სიტყვაც კი სახელმწიფო რესურსის გამოყენების თაობაზე. განსაკუთრებით მოვუწოდებ პოლიციას, რომ ნებისმიერი ძალადობა იქნას პრევენციულად აღკვეთილი, იმისთვის,რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის არ მიეცეს, საბაბი თქვას, რომ რაიმე ჩრდილი მიადგა ამ არჩევნებს. თანდათან უნდა განმტკიცდეს კავშირი ამომრჩევლის ნებასა და ხელისუფლების პასუხისმგებლობას შორის. ეს კავშირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს ისაა, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა. მე დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები ამის ნათელი მაგალითი იქნება“.
ზოგადად, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია, თვითმმართველობისწინა არჩევნებთან შეადარებით, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები სიძულვილის ენის ჭარბად გამოყენების თაობაზე ყურადღებას მაინც ამახვილებენ.
ამერიკის ხმა წინასაარჩევნო კამპანიის შეფასებისთვის „სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე უფრო გამოცდილი არასამთავრობო როგანიზაციაა საქართველოში ამ მიმართულებით. მისი ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს:
„არჩევნების დღის მოახლოვებასთან ერთად, განსაკუთრებით გაზრდილია ზეწოლა–მუქარის ფაქტები, შეიძლება არ გვაქვს ღია და შესამჩნევი ძალადობის ფაქტები, მაგრა მუქარის წესით მოქალაქეების თუ ოპოზიციური პარტიების და მათ მხარდამჭერების დაშინება, იძულება მაინც სახეზეა და შესამჩნევია. განსაკუთრებით პრობლემურია, რომ 6 საარჩევნო ოლქში კანდიდატურები მოხსნეს ოპოზიციურმა, დამოუკიდებელმა კანდიდატებმა და ამ კონკტერულ შემთხვევაში იკვეთება გარემოებები, რაც ზეწოლაზე სავარაუდო მიუთითებს. ასევე არსებობენ პირები, ვინც საუბრობს მათ მიმართ განხორციელებულ მუქარაზე კანდიდატურის მოხსნის მიზნით. გარდა ამისა, ზეწოლა–მუქარის ფაქტები გვაქვს საჯარო მოხელეების, პედაგოგების იძულება მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩაერთონ წინასაარჩევნო კამპანიაში, ან მითითებებს იღებენ, რომ მმართველ პარტიაზე უნდა იმუშაონ“.
მიმდინარე არჩევნებისთვის საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, რაც მმართველ გუნდთან განდგომით გამოიხატება. „ქართული ოცნების“ სიით გასული და თანამდებობაზე მყოფი პირები ოცნებას უპირისპირდებიან და ოპოზიციურ კანდიდატებად მოგვევლინებიან. მაგალითად ასეთია ასპინძის გამგებელი ლევან ცაბაძე, რომელიც ახლა 41 კი არა, 42 ნომრით პოზიციონირებს საარჩევნო კამპანიაში. მისი არჩევანის გამო ის ზეწოლაზე საუბრობს ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რომელთა ზეწოლითაც მის მხარდამჭერ შვიდ თანამშრომელს თანამდებობის დატოვება აიძულეს: „არანაირი სასწრაფო საჭიროება არ იყო იმისთვის, რომ შვებულებაში მყოფ ადამიანებს დაეწერათ განცხადება სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე. თვითონ აცხადებენ, რომ სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდებოდა ზეწოლა მათზე. ამის თაობაზე მითხრეს თვითონ, პირად საუბრებში. აშეინებდნენ შვილებით, მომავლით, დაჭერით“...
პარტიის მიტოვების ანალოგიური მდგომარეობა ფიქსირდება გორში, სადაც ოცნების სიით გასული გამგებელი დავით ონიაშვილი ახლა „შენების“ მოძრაობაში გადავიდა. ზეწოლა მის თანამშრომლებზეც ხორციელდებოდა, როგორც გამგებელი გვეუბნება, ქართული ოცნების გორის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის გელა კაპანაძის მხრიდან, რომელსაც ონიაშვილის მოადგილის პოსტი ეკავა. მხოლოდ ამჯერად სწორედ ეს უკანასკნელია განთავისუფლებული თანამდებობიდან ონიაშვილის ბრძანებით. აი, რას ამბობს მოქმედი ოპოზიციონერი გამგებელი ჩვენთან საუბრისას:
„ჩემს თანამშრომლებთან ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები რომ აქტიურობდნენ მუქარით, დაშინებით, ამას ვერ დავადასტურებ. მაგრამ, როგორც ჩანს და სიგნალები მოდის მოსახლეობიდანაც ამის თაობაზე, რომ თვითონ ოცნების ხალხი აქტიურობს. დადიან, სოციალურს მოგიხსნით, ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, აშინებენ, ოცნების ვიღაცეები, არა ძალოვანები. ეს ზოგადად და კონკრეტულად, მე რაც ვიცი, ზეწოლის შემთხვევა თანამშრომლებზე დადასტურდა გელა კაპანაძის მხრიდან, ოცნების მდივანისგან გორში. ის ეუბნებოდა, რომ გაათავისუფლებდა სამსახურიდან, თუ ოცნებას არ დაუჭერდნენ მხარს. ის ჩემი მოადგილე იყო და ეს როდესაც გავიგე, სანამ ეგ ვინმეს გაათავისუფლებდა, მე გავუშვი.“
კიდევ ერთი ნოუჰაუ, რაც მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდისთვისაა თვალშისაცემი, კონკურენტების დისკრედიტაციისთვის სოციალური მედიის გამოყენებას უკავშირდება. მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ ყალბი გვერდები და ანგარიშები სპეციალურად იქმნება იმ მიზნით, რომ სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის საზიანოდ იმუშაოს. ამისთვის კამპანიებში თანხებიც გამოიყოფა, მაგრამ ამ ეტაპზე, მეთოდიკისა და პრაქტიკის არარსებობის გამო, რთულია კონკრეტული „დამნაშავეების“ აღმოჩენა.
თუმცა საქმე ისაა, რომ დამრღვევებისა და „დამნაშავეების“ მხოლოდ იდენტიფიცირება წინასაარჩევნო პერიოდში საკმარისი სულაც არ გახლავთ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, საარჩევნო დარღვევების გამოძიებისა და პასუხისმგებლობის საკითხი ბოლომდე ისეთ შემთხვევებშიც არ მიდის, სადაც კითხვის ნიშნები აღარ დგას. მაგალითად, კორცხელის ინციდენტიც საკმარისია, რომელთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დღემდე არ დასრულებულა.
Facebook Forum