ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფლიქტის ზონის დაურეგისტრირებელი საკუთრება


კონფლიქტისას ზონაში ბორდერიზაციის პროცესის კვლალდაკვალ აქტუალობას არ კარგავს მიწის რეგისტრაციის საკითხი. დღემდე ის, ფაქტობრივად, გაყინულ მდგომარეობაშია. სახელმწიფო სტურქტურების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაკეთებული განცხადების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის ზონაში, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთები, რაც კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და რასაც მოსახლეობა სოფლის მეურნეობისთვის იყენებდა უნდა დარეგისტრირებულიყო, პროცესი არ დაიძრა. მიწის რეგისტრაციის საკითხი ერთი კონკრეტული მოსახლის ვიწრო ინტერესის სფეროს კარგა ხანია დაშორდა და პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა იმდენად, რამდენადაც ამ ტერიტორიაზე რუსეთის ხელისუფლება არაკანონიერ და თვითნებურ დემარკაციას ახორციელებს. მავთულხლართები ხშირად ცალკეული მაცხოვრებლების მიწის ნაკვეთებზე გადის და მათ შუაზე ჰყოფს. ამის ყველაზე პირდაპირმნიშვნელოვნად თვალსაჩინო მაგალითი ივანე გელაშვილის საქმე იყო ღოღეთიდან. მან საკუთარ მიწის ნაკვეთზე ნიორი დათესა, რის შემდეგაც რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხართი გაივლო. ორიოდ თვეში ნიორი ამოვიდა და აბიბინებული მდელოს შუაში მავთულხლართი ყველაზე ცხადად მეტყველებდა არაკანონიერი ქმედების შესახებ.

თუმცა აქ ერთ იურიდიულ ხარვეზს აქვს ადგილი. ღოღეთის შემთხვევაშიც, დვანში გავლებული ლითნის ღობის მიღმა მოქცეული კერძო საკუთრების შემთხვევაშიც და სხვა დროსაც, კერძო მოსახლეების საკუთრება საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირებული არ გახლავთ. ამის გამო რთულდება საერთაშორისო ასპარეზზე, თუნდაც ჟენევის დისკუსიებზე ამტკიცო, რომ ესა თუ ის კონკრეტული მიწის ნაკვეთი ამა და ამ პიროვნებას ეკუთვნის. ფაქტობრივად, დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი ხელში არავის უჭირავს. დაურეგისტრირებულობის მიზეზი ორია: უსახსრობა და უსაფრთხოების არარსებობა. უსახსრობა იმიტომ, რომ საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად კერძო მოსახლეს არც თუ უმნიშვნელო თანხის გადახდა უწევს, რის შესაძლებლობაც, ხშირად არ აქვთ. უსაფრთხოების არარსებობა კი იმ ნაწილშია ხელშემშლელი ფაქტორი, როდესაც რეესტრის მოთხოვნის თანახმად, წარმოდგენილი უნდა იყოს მიწის ნახაზი, რასაც კერძო კომპანიები აკეთებენ. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე კი კერძო კომპანიები ხშირად უარს ამბობენ სარისკო ზონებში ტექნიკური სამუშაოების შესრულებისგან, რადგან ეს მათთვის სასიცოცხლო რისკს წარმოადგენს. ამდენად, რეგისტრაციის საკითხიც ჩიხში შედის. სახელმწიფომ რამდენჯერმე დაიწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა ომის შემდგომ, თუმცა დღემდე პროცესი არ დაწყებულა. ამერიკის ხმა შეეცადა საკითხის გარკვევას საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურში, მაგრამ საბოლოოდ, ინტერვიუ ჩაიშალა.

"ამერიკის ხმასთან" საუბრისას საიას იურისტი თამარ აბაზაძე ამბობს, რომ მათ მიერ დვანში თვითნებური დემარკაციისას საკუთრების უფლების შელახვის შესახებ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილ სარჩელებშიც 19 მოქალაქის სახელით, 18–ს არ ჰქონდა ოფიციალური რეგისტრაციის დოკუმენტი: „დვანში მცხოვრები ადამიანები წლების განმავლობაში ამუშავებდნენ მიწებს, მოჰყავდათ მოსავალი და ამ მოსავალს იყენებდნენ ასევე გასაყიდად. მოსავლის გაყიდვით მიღებული თანხა ამ ოჯახებისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. გამოდის, რომ ცალსახად დაზარალდნენ სოფელ დვანის მაცხოვრებლები: მათ შეელახათ საკუთრების უფლება და არ აქვთ წვდომა ამ მიწებზე. ასევე აღარ აქვთ საარსებო წყარო, ფინანსური თვალსაზრისით. რეგისტრაციის თემა იმასთან იყო კავშირში, რომ სოფელ დვანის მაცხოვრებლებს ოფიციალური საკუთრების მოწმობები აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. საჯარო რეესტრში, უმრავლეს შემთხვევებში, გამონაკლისების გარდა, არ იყო საკუთრება რეგისტრირებული ამ მიწებზე. 18 მოქალაქეს მაინც, 19–დან საკუთრების რეგისტრირებული მოწმობა არ გააჩნდა. მათ ჰქონდათ მხოლოდ მუნიციპალიტეტის, სოფლის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობები, რომლითაც დასტურდება, რომ ამდენ და ამდენ ჰექტარ მიწას, წლების განმავლობაში ამუშავებდა და მოიხმარდა სარგებლის მისაღებად ესა თუ ის კონკრეტული მოსახლე."

კონფლიქტის ზონაში მიწის რეგისტრაციის თვალსაზრისით განვითარებულ მოვლენებს "ამერიკის ხმა" აკვირდება და მათ შესახებ ინფორმაციას ჯაჭვურ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

XS
SM
MD
LG