უკრაინის მიმართ რუსეთისგან არსებული საფრთხეების, მისი მუქარის შემცველი ქმედებებისა და საზღვრებთან თუ ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომაზე განიხილავენ. სხდომა ამერიკულმა მხარემ მოიწვია.
გაეროში შეერთებული შტატების მისიის განმარტებით, სხდომის მიზანი, გაეროს უშიშროების საბჭოში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხზე მსჯელობაა. საჯარო სხდომა ორშაბათს, 31 იანვარს გაიმართება.
გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის განცხადებით, რუსეთი ჩართულია უკრაინის საწინააღმდეგო, დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში. მისი თქმით, ეს აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, სტაბილურობასა და გაეროს წესდებას. ელჩის თვლის, რომ საბჭოს წევრებმა დეტალურად უნდა განიხილონ უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევაში რა ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული საერთაშორისო წესრიგის პრინციპების დასაცავად.
2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედრო განათავსა. უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის სახელმწიფოები რუსეთის ამ ქმედებას უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად მიიჩნევენ. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" მოითხოვს.
რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ 26 იანვარს წერილობით უპასუხეს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ვაშინგტონმა უარი უთხრა რუსეთს, ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნაზე.