ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო უკრაინაში ძალადობას გმობს


ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა უკრაინაში გაეროს დამკვირვებლების ჯგუფის და სიმონევიჩის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწემ ადამიანის უფლებების დარგში, ივან შიმონევიჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს უთხრა, რომ გავლენის მქონე მხარეებმა, ძალადობის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედონ.

„დემონსტრანტების შეიარაღება და მათი ნახევრად გასამხედროებულ ჯგუფებად გარდაქმნა უნდა შეწყდეს. ყველას, ვინც ძალადობას აქეზებს და დემონსტრანტებს იარაღს აწვდის, ამით გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო, შეიძლება პასუხისმგებლობა დაეკისროს.“

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა ეს დასკვნა სამშაბათს გამოაქვეყნა. მარტის შუა რიცხვებში, უკრაინაში ჩასული გაეროს დამკვირვებლების ჯგუფის და სიმონევიჩის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შედგენილ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას უძღოდა წინ, ისეთ გარემოებებში ჩატარდა, რომ ხმის მიმცემთა ნება თავისუფლად ვერ გამოითქვა. ანგარიშში ასევე გამოთქმულია შეშფოთება, ყირიმში რუსეთის მოქალაქეობის შემოღებასთან დაკავშირებით.

რუსეთის დესპანმა ვიტალი ჩურკინმა გაეროს ანგარიშს, „თავისი არსით მიკერძოებული“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე, ყირიმის საკითხი განხილვის საგანი არც უნდა იყოს, რადგან ის ახლა რუსეთის ნაწილია.

რუსეთმა ყირიმის ანექსია გასულ თვეს, რუსული სამხედრო ძალების თანდასწრებით, ნაჩქარევად ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მოახდინა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეფერენდუმის შედეგი ბათილად გამოაცხადა.

შეერთებული შტატების დესპანმა სამანტა პაუერმა თავისი რუსი კოლეგის მიერ გაეროს ანგარიშის კრიტიკა უარყო.

„რუსეთის ფედერაციის მიერ დღეს გამოთქმული შენიშვნები, რომლითაც გაეროს დამოუკიდებელი ანგარიში დაამცირა და სინამდვილეში ცილი დასწამა, თითქოს ის მიკერძოებული და უსაფუძვლოა, ღრმად შემაშფოთებელია. მეტაფორას თუ მოვიშველიებთ, რუსეთის სტრატეგია როგორც სჩანს ასეთია: „თუ შეტყობინება არ მოგწონს, შიკრიკს ესროლე ტყვია“.

ოთხშაბათისთვის, ვითარება ადგილზე დაძაბული რჩებოდა, როცა კიევის ხელისუფლებამ, აღმოსავლეთ რეგიონებში წესრიგის აღდგენის მცდელობებისას, სერიოზული წარუმატებლობა განიცადა იმ დროს, როცა პრო-რუსულმა სეპარატისტებმა რამდენიმე უკრაინული სამხედრო მანქანა ჩაიგდეს ხელში და მათზე რუსული დროშები აღმართეს. ეს ხუთშაბათს, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ მოხდა, სადაც რუსეთის, უკრაინის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG