ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყირიმი - ეკონომიკური თუ პოლიტიკური საკითხი?


ხრუშჩოვის ვაჟი სერგეი ამბობს, რომ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა ეკონომიკასთან და სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული

ყირიმი უკრაინის ნახევარკუნძულია და იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზაა განლაგებული. ეს მოსკოვს საშუალებას აძლევს თავისი სამხედრო ყოფნა მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზზე გაავრცელოს.

მოსახლეობის უმრავლესობა ეროვნებით რუსია, ერთი მეოთხედი უკრაინელი და დაახლოებით 12 % კი ყირიმელი თათარია.

საუკუნეების განმავლობაში, 1954 წლამდე, ყირიმი რუსეთის ნაწილი იყო. საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ყირიმი უკრაინას გადასცა, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი საბჭოთა რესპუბლიკა იყო.

ხრუშჩოვის ვაჟი სერგეი ამბობს, რომ ყირიმის უკრაინისთვის გადაცემა ეკონომიკასთან და სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული. დნეპრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებარე კაშხალს, უკრაინის სამხრეთი რეგიონები და მათ შორის ყირიმიც სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა.

„რადგან დნეპრი და ჰიდროელექტრო კაშხალი უკრაინის ტერიტორიაზეა, მოდით ყირიმის დანარჩენი ტერიტორიაც უკრაინის ხელმძღვანელობას დავუქვემდებაროთ და ყველაფერზე პასუხისმგებლობა მათ დავაკისროთ. ასეც მოიქცნენ. ეს არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ იყო იდეოლოგიური გადაწყვეტილება, ეს მხოლოდ საქმიანი ნაბიჯი იყო.“

ხრუშჩოვი ამბობს, რომ ასეთი დიდი პროექტის პირობებში, ერთი პასუხისმგებელი სუბიექტის არსებობა საღი აზრით იყო ნაკარნახევი.

„ახლა კი გამოთქვამენ სხვადასხვა ვარაუდებს, თითქოს მამაჩემს უკრაინული დემოკრატიის დაკმაყოფილება სურდა, იმასაც კი ამბობენ თითქოს მან თავის მეუღლეს - დედაჩემს - რადგან ის უკრაინელი იყო, ასეთი საჩუქარი მიართვა. ამას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური საკითხი იყო და არა პოლიტიკური.“

ყირიმს ამჟამად მთლიანად რუსული სამხედრო ძალები აკონტროლებენ. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ნახევარკუნძულზე მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების დასაცავად გადადგეს. დასავლელი ოფიციალური პირები კი ამბობენ, რომ რუსების დაცვის საჭიროების არსებობის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ამ დაპყრობას „აგრესიის დაუჯერებელი აქტი“ უწოდა.

მოსკოვსა და კიევს შორის დაძაბულობა გასულ თვეს მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირთან დაახლოების მომხრე საპროტესტო მოძრაობამ უკრაინის
პრო-რუსული გეზის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი დაამხო. დემონსტრაციების 80-ზე მეტი მონაწილე იქნა მოკლული, იანუკოვიჩი კი რუსეთში გაიქცა.

ხრუშჩოვი ამბობს, რომ ყირიმის მოვლენებსა და 2008 წლის
რუსეთ-საქართველოს ომს შორის პარალელების გავლება შეუძლებელია.

„2008 წლის ომის დროს, პრეზიდენტი სააკაშვილი ორ ამბოხებულ რეგიონში კონტროლის ძალით აღდგენას შეეცადა. ისინი მათ თავს დაესხნენ და რუსეთმა კი საპასუხო დარტყმა მიაყენა. ის ომი იყო.“

ხრუშჩოვი ამბობს, რომ ყირიმში ამჟამად სროლა არ ყოფილა.

„იმედი მაქვს, რომ სროლა არც იქნება, რადგან დაპირისპირების მსურველი არავინ არ არის. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც ყირიმში მსახურობენ, ყირიმელები არიან და არ დაიწყებენ ისეთ დაპირისპირებას, რაც მათი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, დაპირისპირება რუსებსაც არ სურთ. რატომ უნდა დაუპირისპირდნენ?“

მომავალს რაც შეეხება, ხრუშჩოვი ამბობს, რომ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნება შესაძლო ვარიანტი არ არის.

„არ მგონია და ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. მე პუტინისგან არასდროს გამიგია, რომ მას ასეთი რამ სურდა.“

თუმცა, ყირიმში კანონმდებლებმა 16 მარტისთვის, რუსეთთან მიერთების თაობაზე რეფერენდუმი დანიშნეს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს დაძაბულობას.
XS
SM
MD
LG