ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომის წლისთავზე ზელენსკი ცრემლების შეკავებას ცდილობდა


პარასკევს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი წლისთავი, უკრაინელი ხალხისადმი სევდანარევი მიმართვით და ათასობით დაღუპული ჯარისკაცის გამო თვალზე მომდგარი ცრემლით აღნიშნა.

კიევში ცივ, მოღრუბლულ დღეს, 45 წლის პრეზიდენტმა, წმინდა სოფიას მოედანზე, ქალაქის გამძლეობის სიმბოლოდ ქცეულ საკათედრო ტაძართან, უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრებს და თანამდებობის პირთა მცირე ჯგუფს მიმართა.

ზელენსკიმ თავისი ემოციები 30-წუთიანი ცერემონიის დროს გამოხატა, როდესაც ჯარისკაცებისთვის უკრაინის გმირის ჯილდოს გადაცემისას ცრემლების შეკავებას ცდილობდა. ერთი ჯარისკაცი ყავარჯნებით იყო, მეორე, დაღუპული ჯარისკაცის ჯილდო კი მის დედას გადასცა. ორკესტრის მიერ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისასაც, მის თვალებში ცრემლები იყო. ცერემონიაზე დამსწრეებმა წუთიერი დუმილის დროს თავი დახარეს და პატივი მიაგეს ომში დაღუპულ ადამიანებს.

დღის დატვირთული პროგრამის განმავლობაში, ზელენსკიმ კიევის ლავრის სამონასტრო კომპლექსში, სამხედრო მღვდლებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა, ეწვია ჰოსპიტალში მყოფ დაჭრილ ჯარისკაცებს და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკის უმასპინძლა.

პრეზიდენტის ოფისმა ომის წლისთავისთვის გამოაქვეყნა დაახლოებით 15 წუთიანი საგანგებო მიმართვა სათაურით " უძლეველობის წელიწადი“.

„ერთი წლის წინ, ამ დღეს, იგივე ადგილიდან, დაახლოებით დილის 7 საათზე, მოკლე, სულ 67-წამიანი განცხადებით მოგმართეთ... ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ. ჩვენ ყველას დავამარცხებთ. 2022 წლის 24 თებერვალი ასე დაიწყო, ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი დღე. უახლეს ისტორიაში ყველაზე ძნელი დღე. ჩვენ ადრე გავიღვიძეთ და მას შემდეგ არ დაგვიძინია“, თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

დასავლელი სამხედრო ოფიციალური პირების შეფასებით, ერთწლიანი ომის მანძილზე ორივე მხარეს 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ან დაიჭრა. შიშობენ, რომ ასევე ათობით ათასი სამოქალაქო პირიცაა დაიღუპული, რომელთა სრული რაოდენობა ჯერჯერობით ვერ ზუსტდება. მილიონობით ადამიანმა კი საკუთარი საცხოვრებელი დატოვა და ომის საფრთხეს გაექცა.

XS
SM
MD
LG