ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკან გადადგმული ნაბიჯი


დასავლეთი უკრაინის არჩვენების შესახებ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კვირას უკრაინაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს. დასავლური რეაქციის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, სკოტ სტერნსი არკვევდა.

როგორც ჰილარი კლინტონმა განაცხადა, ჩატარებული არჩევნები უკრაინის დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია. „უკრაინელი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ისინი იმსახურებენ, იცხოვრონ ქვეყანაში, სადაც არის ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობა და ეს არჩევნები ამ მიზნებს ხელს არ უწყობს,“ - განაცხადა კლინტონმა.

„ეუთო"-ს სადამკვირვებლო მისიის განცხადებით, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის პარტიამ არჩევნებში სახელმწიფო თანხები დახარჯა. ასევე, მმართველი ძალა შეუსაბამოდ აკონტროლებდა ინფორმაციის მოძრაობას.
ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და პატიმრობაში მყოფმა, იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებს. სარაევოში მყოფმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ ტიმოშენკოს პატიმრობა უკანონოა.

„ჩვენ კვლავ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას ოპოზიციის ლიდერების მიმართ პოლიტიკური დევნის გამო, ყოფილი პრემიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ჩათვლით, როდესაც მათ არ მიეცათ ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიტიკური ოპონენტების დაკავება და შერჩევითი დევნა,“ - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მოწოდებულია იმუშავოს უკრაინელ ხალხთან დემოკრატიის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის გაძლიერების მიზნით. „ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელმძღვანელობას შეაჩეროს უკან სვლა და დაიწყოს უკრაინელი ხალხის მისწრაფებისთვის მუშაობა,“ - აღნიშნა კლინტონმა.

უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა „ნატო"-ს გენერალურმა მდივანმაც.

„მე ვითვალისწინებ იმ შეშფოთებებს, რაც გამოხატულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნაში უკრაინის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს მოკვლევები მიუთითებს შერეულ ნაკლოვანებებზე, წინასაარჩევნო პერიოდის ჩათვლით, რაც უკანგადადგმული ნაბიჯია წინა არჩევნებთან შედარებით,“ - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG