აშშ-ის უმაღლესი სამხედრო პირი ამბობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეისწავლოს რუსეთთან სამხედრო კონტაქტების გაფართოების გზები - როგორც ნდობის გაზრდის საშუალება, არასწორი გათვლების ძთავიდან ასარიდებლად.
არმიის გენერალი, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე მარკ მილი ამბობს, რომ ორი ქვეყნის მიერ, ერთმანეთის საბრძოლო წრთვნებზე დამკვირვებლების დაშვება, გაზრდის გამჭვირვალობას და შეამცირებს კონფლიქტის რისკს.
„ჩვენ უნდა ავამოქმედოთ პოლიტიკა და პროცედურები იმისთვის, რომ გავზარდოთ ნდობა და შევამციროთ გაურკვევლობა. ნდობა - უნდობლობის შესამცირებლად, სტაბიულურობა - არასტაბილურობის შესამცირებლად, რათა თავიდან ავირიდოთ არასწორი გათვლები და შევამციროთ დიდი ძალების ომის შესაძლებლობა. ეს არის ფუნდამენტური რამ, რაც უნდა ვცადოთ და მე ვცდი ამის გაკეთებას“ - აცხადებს ამერიკელი გენერალი.
გენერალმა მილმა ეს განცხადება ფინეთში, რუს კოლეგა გენერალ ვალერი გერასიმოვთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ ორ ძალას შორის სამხედრო კონტაქტები ახლა დიდწილად მაღალი დონის ლიდერებით შემოიფარგლება. როგორიცაა თავდაცვის მდივანი, გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე და ევროპის მოკავშირეთა უმაღლესი მეთაური.
მაგრამ, ამერიკელ გენერალს მიაჩნია, რომ ღირს იდეის განხილვა, რომ სამხედროების მეთაურებს საშუალება მიეცეთ, უფრო მჭიდრო ურთიერთობები დაამყარონ და მიიღონ წრთვნებზე დამკვირვებლის დაშვების ნებართვები.
გენერალი მარკ მილი, რუს კოლეგასთან შეხვედრის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ რეპორტიორს ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ გენერალმა დეტალების შესახებ საუბარს თავი აარიდა, ნათელი გახდა, რომ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელებმა უფრო ღია კომუნიკაციის საკითხი განიხილეს.
ამერიკელი გენერალი ამბობს, რომ ორი ქვეყნის უმაღლესი სამხედრო პირების ურთიერთობამ, წარსულში დაძაბული ვითარების დეესკალაციისთვის წარმატებით იმუშავა. „გასული ორი წლის განმავლობაში, ჩვენსა და რუსებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა“ - ამბობს მილი. მისი თქმით, ინციდენტების შესახებ ორი ქვეყნის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელებს შორის სატელეფონო საუბრები შედგა. ინციდენტების შესახებაც ამერიკელი გენერალი კონკრეტიკის გარეშე საუბრობს.
ცივი ომის დასრულების შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ბირთვულ უსაფრთხოებასთან და თავდაცვის სხვა საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა გაზარდეს. მაგრამ, ურთიერთობა გაუარესდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და რუსული ჯარების, ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში დარჩენის შემდეგ. დაძაბულობა კვლავ გაიზარდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა და მისი სამხედრო ძალები აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრნენ.
ყირიმში შეჭრის საპასუხოდ, 2016 წელს აშშ-ის კონგრესმა შეზღუდა რუსეთთან თანამშრომლობა, აკრძალა „სამხედრო ძალების თანამშრომლობა“ მანამ, სანამ რუსეთი არ დაამთავრებს „უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას“ და „აგრესიულ საქმიანობას“. მოგვიანებით კანონი შეიცვალა. შესწორების შემდეგ ის არ ზღუდავს სამხედრო მოლაპარაკებას, რომელიც „კონფლიქტის რისკის შემცირებას“ ისახავს მიზნად.
Facebook Forum