თურქეთში პრესის თავისუფლება მას შემდეგ მოექცა საერთშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რაც სამართალდამცავებმა ისეთი ჟურნალისტების დაპატიმრება დაიწყეს, რომლებიც მთავრობას ღიად აკრიტიკებდნენ. ადამიანის უფლებათა დამცავი სხვადასვა ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით, დღეს თურქეთში 50-ზე მეტი ჟურნალისტია დაპატიმრებული. თურქეთის მთავრობა იმით ამართლებს პრესის მიმართ გამკაცრებულ მიდგომას, რომ ანკარას ორმაგი საფრთხისთვის უწევს თავის გართმევა - ერთი ტერორიზმია, ხოლო მერორე კი მთავრობის გადატრიალების მცდელობა.
სტამბოლის სასამართლოს წინ დღეს იმ სამი ჟურნალისტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. სამივე ჟურნალისტი ოპოზიციური სამაუწყებლო კომპანია, ოდა TV-ს თამამშრომელია.
თურქეთის მედიის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მათ იმ ბრალდებების გამოძიება დაიწყეს, რომლებზე დაყრდნობითაც პოლიციამ დაახლოებით 400 ადამიანის სამხილები გააყალბა. თითოეულ მათგანს მთავრობის გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი. ბილგის უნივერსიტეტის პროფესორი ჰალუკ საჰინი, რომელიც თურქეთის მე-8 არხის აღმასრულებელი დირექტორიცაა, აცხადებს, რომ მთავრობა პრესის შევიწროების პოლიტიკას აწარმოებს.
„ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის მხარდამჭერი პრესის შექმნას. მთავრობა ყოველთვის ცდილობს ჩაახშოს ისეთი სამაუწყებლო კომპანიები, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობიას კრიტიკულად აფასებს. ჩემი აზრით, ეს უტყუარი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანა ანტიდემოკრატიული მიმართულებით მიდის.“
ბატონ საჰინს ამერიკის ელჩი თურქეთში ფრანსის რიჩარდონიც ეთანხმება. მისი თქმით, თურქეთს წერილობით პასუხისმგებლობა აქვს აღებული, რომ პრესის თავისუფლებას დაიცავს, მაგრამ სინამდვილეში ჟურნალისტები ხშირად იდევნებიან და მათ ციხეშიც კი იჭერენ. ჩვენ ამ შეუსაბამობის გაგება გვიჭირს. ელჩის მიერ გაკეთებულმა ამ კომენტარმა თურქეთის მთავრობის მაღალჩინოსნების გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის იყო პრემიერ მინისტრი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც:
„ის [ელჩი რიჩარდონი] თურქეთს არ იცნობს, არ იცის რა კანონები გვაქვს აქ, მაგრამ მაინც აკეთებს მსგავს განცხადებებს. ჯერ უნდა მოიცადო, გამოიკვლიო, გაიგო რაც შეიძლება მეტი საქმის შესახებ და დაელოდო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა თქვა რამე. აი ამიტომ არის ეს ელჩი ახალბედა და გამოუცდელი.“
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფი ჯეი კროულიმ ელჩი დაიცვა და განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია თურქეთში სიტყვის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარებით.
თურქეთში ამჟამად 56 ჟურნალისტია დაპატიმრებული. ამერიკული ორგანიზაცია სახელწოდებით ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი აცხადებს, რომ ჟურნალისტების დაპატიმრებას სახელმწიფო განგებ ახმაურებს იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიტიკული პრესა მაქსიმალურად შეზღუდოს.
თურქეთში მედიის თავისუფლების შეზღუდვა ევროკავშირის შეშფოთებასაც იწვევს. თურქთის ევროკავშირში გაწევრიანების კომიტეტის წევრი რიჩარდ ჰოვიტი ამბობს:
„არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომელიც თურქეთის დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებად ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. ასეთ ქვეყანაში მთავრობა კი არ უნდა ეგუებოდეს თავისუფალ პრესას, არამედ აზრთა სხვადასხვაობას უნდა მიესალმებოდეს. დღეს თურქეთში უამრავი ჟურნალისტია დაპატიმრებული და ბევრზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია.“
თურქეთის მთავრობის განცხადებით, ხელისუფლებამ ახალი კანონები მიიღო, რომლებიც პრესის თავისუფლების გამყარებას შეუწყობს ხელს. თუმცა, ამასთან ერთად, ანკარა იმასაც აცხადებს, რომ დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა ტერორისტულ ჯგუფ - ქურთისტანის მუშათა პარტიასთან არიან ასოცირებული. ადამიანის უფლებათა დამცავი ორგანიზაციები კი აცხადებენ, რომ თურქეთის ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა ქვეყანაში გამოხატვასა და პრესის თავისუფლებას უფრო ზღუდავს ვიდრე ძალადობას.