ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული დილემა


პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი სირიელი ქურთები
პრეზიდენტ ასადის მხარდამჭერი სირიელი ქურთები

ქურთული ბუფერი სირიასა და თურქეთს შორის

თურქეთის ხელისუფლება გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს. ანკარას თქმით, ის არ დაუშვებს სირიის ტერიტორიის ქურთი მეამბოხეების მიერ გამოყენებას. ამასთან ერთად, თურქეთმა სირიასთან თავისი 900 კილომეტრიანი საზღვის გამაგრება დაიწყო. სტამბოლიდან დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.
თურქეთის მთავრობა სირიელი ქურთების გააქტიურებამ შეაშფოთა. იმ დროს, როცა სირიის მთავრობა ქვეყნის შიგნით ამბოხებულებს ებრძვის, ქურთები თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქებს იკავებენ. კვირას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ ამ საკითხზე ანკარას პოზიცია დააფიქსირა.
„ჩვენს საზღვრებთან ტერორისტული სტრუქტურების წარმოქმნას არ დავუშვებთ. ჩვენ ვიტოვებთ ყველა უფლებას. არ აქვს მნიშვნელობა ეს ალ-ყაიდაა თუ ქურთისტანის მუშათა პარტია. ჩვენ ამას ეროვნული უსაფრთხოების საკითხად განვიხილავთ,“ - განაცხადა დავუთოღლუმ.
მსგავსი განცხადება გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმაც გააკეთა. ქურთისტანის მუშათა პარტიას ანკარა და საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი ნაწილი ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილავს. დაჯგუფებამ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში აქტიურობა 1984 წელს დაიწყო. მას შემდეგ და ამ ბრძოლის შედეგად რეგიონში 45 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. თურქეთი ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციებს დროდადრო ბომბავს. თურქული გაზეთის „ჰურიეთის“ სამხედრო მიმომხილველი მეთეჰან დემირი ამბობს, რომ მსგავსი სამხედრო ვითარების შექმნა ამჯერად სირიის ტერიტორიაზე თურქეთისთვის რთული დასაძლევი იქნება.
„თურქეთი ხედავს რომ ეს ტერიტორია ქურთების ან გნებავთ ქურთისტანის მუშათა პარტიის კონტროლის ქვეშ ექცევა. ვითარებიდან გამომდინარე თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ოპერაცია განახორციელოს,“ - ამბობს დემირი.
ანკარა სირიაში ინტერვენციით დაიმუქრა. ერთ დროს მოკავშირეებს შორის ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით ამბოხება დაიწყო. 22 ივნისს სირიის მიერ თურქული ავიაგამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. გასული წლის დეკემბერში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სირიიდან დევნილებს თავშესაფრად თურქული ტერიტორია შესთავაზა. თუმცა, დევნილთა რაოდენობის გაზრდის შემდეგ ანკარამ ზომიერების დაცვა ამჯობინა. საერთაშორისო ურთიერთობის ექსპერტი სოლი ოზელი ამბობს, რომ თურქული საზოგადოების დიდი ნაწილი სირიაში ინტერვენციას მხარს არ უჭერს.
„მე თურქეთის მოსახლეობაში სირიაში ინტერვენციის მოწონებას ვერ ვხედავ, თუნდაც ეს ქურთების წინააღმდეგ იყოს მიმართული,“ - აცხადებს ოზელი.
მეორე საკითხია თუ რამდენად არის ინტერვენციისთვის მზად თურქეთის არმია. გენერლების თითქმის მეხუთედი ციხეშია. მათ ბრალად ისლამისტური მთავრობის წინააღმდეგ შეთქმულებაში ედებათ ბრალი. კიდევ ერთი პრობლემა კი სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეა. ჯერ კიდევ თვის დასაწყისში დამასკომ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ უცხო ჯარების ინტერვენციის შემთხვევაში ასეთ იარაღს აუცილებლად აამოქმედებს. როგორც სამხედრო ჟურნალისტი დემირი ამბობს, ეს საფრთხე თურქეთისთვის შეჭრის შემთხვევაში რეალური გახდება.
XS
SM
MD
LG