ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს სირიის ოპოზიციას


თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს სირიის ოპოზიციას, თუმცა საჯაროდ ერიდება სირიის ოპოზიციის შეიარაღებაზე საუბარს.

ანკარა თავს იკავებს სირიის ეროვნული საბჭოს მიერ წამოყენებული წინადადების კომენტარისგან, რომელიც სირიის თავისუფალი არმიის შეიარაღებას მოითხოვს. ეს არმია სირიელი მოხალისეებისგან შედგება, რომლებიც ასადის რეჟიმის უშიშროების ძალების წინააღმდეგ იბრძვიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სირიის ეროვნული საბჭოს ლიდერების შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ უარყო ამ თემაზე რაიმე მოლაპარაკების წარმოება. სირიის მეგობრების სახელით ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის მორიგი შეხვედრა სტამბოლში გაიმართება. ამ ჯგუფში დასავლეთის ქვეყნებთან ერთად არაბული სახელმწიფოებიც შედიან, რომლებიც სირიის ოპოზიციას თანაუგრძნობენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ თავის იტალიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში სირიის მმართველ რეჟიმზე. მისი თქმით:“ სირიის არმია თავის ხალხს ხოცავს, ამ ქვეყნის მთავრობა კი საკუთარ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს, რაც საგარეო მტერთან ომშიც კი დაუშვებელი რამ არის.“

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ამჟამად ამ ქვეყანას 10 000-მდე სირიელი ლტოლვილი აფარებს თავს. ახლა როდესაც სირიის სამთავრობო ძალები ოპოზიციის დასაყრდენ ცენტრებს უტევენ, ლტოლვილთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდაა მოსალოდნელი.

ანკარამ სირიის ეროვნულ საბჭოს და თავისუფალი არმიის ხელმძღვანელობას თავშესაფარი მისცა თურქეთის ტერიტორიაზე.

თურქეთის წამყვანი გაზეთის „მილიეთის“ პოლიტიკური ანალიტიკოსის სემი იდიზის განცხადებით:“ თურქეთი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, რადგან ის აქამდე მეზობელი ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას ატარებდა. დღეს კი სირიის კონფლიტში სამხედრო ჩარევის შემთხვევაში საპასუხო რეაქციას უნდა ელოდოს.“

ანკარა შიშობს, რომ სირიის ოპოზიციის შეიარაღების შემთხვევაში, დამასკო ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრების დახმარებას დაიწყებს, რომლებიც თუქეთის წინააღმდეგ იბრძვიან.

როგორც სტამბოლის კადირის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი სოლი ოზელი აცხადებს, სირიაში სიტუაციის ესკალაცია ანკარას მანევრირების საშუალებას უსპობს:“ თურქეთი ორ ცეცხლს შუა მოექცა. მან იმდენი ილაპარაკა თავისი ძალისა და გავლენის შესახებ, რომ მისგან მოქმედებას ითხოვენ, რისი სურვილიც ანკარას არ გააჩნია. თურქეთი თავისი მოქმედებების ლეგიტიმაციას საერთაშორისო საზოგადოებისგან და გაეროს უშიშროების საბჭოსგან ელის, რაც დღევანდელ პირობებში არარეალურია.“

პოლიტიური ანალიტიკოსების აზრით რუსეთი და ჩინეთი არავის მისცემენ უფლებას გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის დასჯის გადაწყვეტილება მიიღონ.

როგორც პოლიტიკური მიმომხილველი სემი იდიზი ამბობს:“ თურქეთი ასადის რეჟიმის სასტიკი წინააღმდეგია, თუ ეს უკანასკნელი საკუთარი ხალხის განადგურებას კვლავაც გააგრძელებს, მაშინ ანკარას შეუძლია თქვას, რომ საერთაშორისო ინტერვენცია აუცილებელია, რათა არ განმეორდეს ბოსნიის მაგალითი, როდესაც მსოფლიოს პასიურობის ფონზე ამ ქვეყანაში 250 000 ადამიანი გაანადგურეს.“

ზოგიერთი მონაცემებით ანკარამ უკვე დაიწყო სირიის ოპოზიციის ფარული შეიარაღება, რასაც თურქეთის ხელისუფება კატეგორიულად უარყოფს. სირიის მმართველი რეჟიმი კი არ აპირებს ძალადობის შეწყვეტას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას ამ რეგიონში.

XS
SM
MD
LG