ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლაპარაკება თურქეთში


ამ ეტაპზე ქურთებთან ათწლეულობით გაჭიანურებული კონფლიქტის მოგვარება რთულდება

თვის დასაწყისში სელათინ დემირთაშმა, პრო-ქურთული მშვიდობის და დემოკრატიის პარტიის ლიდერმა, გაავრცელა განცხადება, რომელიც ერთგვარი გაფრთხილებაც იყო. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესი, რომელსაც ქურთისტანის მუშათა პარტიის ამბოხი უნდა დაესრულებინა, საფრთხის ქვეშ არის და ძალადობის განახლების საშიშროება ისევ არსებობს. ამასთან დემირთაშმა დასძინა, რომ ისინი ყოველ ღონეს იხმარენ, რომ მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი გახდეს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ პრემიერს ყურადღება გაეფანტა და მან მთავარი აქცენტი საკუთარი ელექტორატის გაერთიანების და შენარჩუნებისკენ გადაიტანა. ივნისში მასობრივი პროტესტის დაწყებამდე თურქეთის პრემიერი რეჯებ ტაიპ ერდოღანი ქვეყნის მთავარი პრობლემის მოგვარებას გეგმავდა და ქურთებთან ათწლეულობით გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულებასთან საკმაოდ ახლოს იყო. ამ ეტაპზე პრემიერი რამდენიმე მნიშვნელოვან წინაღობას გადააწყდა. მთავრობა ქურთისტანის მუშათა პარტიას თურქეთიდან საკუთარი ძალების სრული გაყვანის პირობის არშესრულებაში ადანაშაულებს. ქურთების მხარე კი აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ დაპირებული რეფორმები არ გაატარა.
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:16 0:00
ბმული

სინან ულგენი, კარნეგის ინსტიტუტის მკვლევარი ამბობს, რომ ჯერ კიდევ არის იმის საშუალება, რომ სამშვიდობო პროცესი შენარჩუნდეს და შესაბამისი ძალები ამაზე ზრუნავენ კიდეც. თუმცა, ნეგატიური რიტორიკა, რომელსაც ორივე მხარე მიმართავს, ძალადობის განახლებას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, „ეს არის ის, რისიც ყველას ეშინია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ისიც, თუ ვისი პასუხისმგებლობა იქნება სამშვიდობო პროცესის ჩაშლა. თუკი ეს ქურთისტანის მუშათა პარტიას დაბრალდება, ის რეგიონალური და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას დაკარგავს. ქვეყნის მთავრობის პასუხისმგებლობა თუ გახდა, მასაც ძალიან ძვირი დაუჯდება, განსაკუთრებით - თურქეთის უსაფრთხოების დაცვის საკითხში“.

წლის დასაწყისში თურქეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკება დაიწყო აბდულა ოჯალანთან, ქურთისტანის მუშათა პარტიის დაპატიმრებულ ლიდერთან. ეს თითქოს ხანგრძლივი ძალადობის დასასრულს მოასწავებდა. ძალადობის, რომელმაც ბოლო 30 წლის 40 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა. მოლაპარაკების დაწყებას ცეცხლის შეწყვეტა მოყვა და პარტიამ განაცხადა, რომ თუკი 1 სექტემბრამდე თურქეთის მთავრობა შესაბამის რეფორმებს გაატარებდა, ის თურქეთის ტერიტორიიდან თავის ძალებს ჩრდილოეთ ერაყისკენ დაწევდა.

პარლამენტარი ერთურულ ქურჩუ, პრო-ქურთული პარტიის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ მოლაპარაკების ჩაშლის შემთხვევაში ბრძოლები მაინც არ განახლდება. მისი თქმით, „ქურთისტანის მუშათა პარტია ძალზე გულწრფელია სტრატეგიის ცვლილების პოლიტიკაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავარი სტრატეგია სამოქალაქო პროტესტი იქნება, რაც შეიარაღებულ კონფლიქტს არცერთი გაგებით არ გულისხმობს“.

ამავე დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ქურთისტანის მუშათა პარტიის ზოგიერთი ლიდერი, რომელიც ჩრდილოეთ ერაყშია ბაზირებული, შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ თავად პარტიის შიგნითაც ფართო განხილვები მიმდინარეობს და დებატების შემდეგ გადაწყდება, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი სამშვიდობო პროცესის ჩაშლის შემთხვევაში.

სოლი ოზელი სტამბოლის უნივერსიტეტში პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორია. მას მიაჩნია, რომ ქურთისტანის მუშათა პარტიის გადაწყვეტილება საბოლოო არ იქნება და მან რეგიონალური თანხმობაც უნდა მიიღოს. პროფესორ ოზელის განმარტებით, ქურთულ სამყაროში ერთდროულად რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს. „როგორც პოლიტიკურ მოთამაშეებს, სირიელ ქურთებს, ერაყელ ქურთებს და ქურთისტანის მუშათა პარტიას სულ სხვადასხვა ინტერესები და მიზანსწრაფვა აქვთ“. ამიტომაც, ანალიტიკოსის აზრით ძალიან ძნელია წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რას მოიმოქმედებენ ქურთები.

თურქეთს ერაყის მხრიდან ნახევრად-ავტონომიური ერაყული ქურთისტანი ესაზღვრება. სირიაშიც ქურთები აკონტროლებენ სასაზღვრო ნაწილს. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ოქტომბრის შემდეგ, მალე ზამთარი მოდის და თუკი გადაწყვეტილება შეიარაღებული დაპირისპირების შესახებ იქნა მიღებული, საბრძოლო მოქმედებების განახლება მომავალ გაზაფხულამდე მაინც არ მოხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მხარეს სამშვიდობო პროცესებისკენ დასაბრუნებლად ჯერ კიდევ დიდი დრო აქვს.
XS
SM
MD
LG