ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანული გაზი და თურქული ოქრო


რუსეთის შემდეგ, ირანი თურქეთისთვის მეორე მსხვილი გაზის მიმწოდებელია

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ თურქული ოქროს ექსპორტის განახლება ირანის ბუნებრივი აირის საფასურის გადახდას უკავშირდება. ეს კი თურქეთის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების დარღვევას გამოიწვევს. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი სტამბოლიდან არკვევდა.

როგორც თურქეთის ვიცე-პრემიერმა ალი ბაბაჯანიმ განაცხადა, თურქეთი ირანული გაზის საფასურის გადახდას ოქროთი აპირებს. თურქეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანკარას არ აღელვებს ვაშინგტონის გაფრთხილება ამგვარ ტრანზაქციებზე ახალი ზომების შემოღების თაობაზე.

„ამერიკის სანქციები ამერიკისთვისაა. ჩვენ გვაქვს მრავალმხრივი ხელშეკრულებები.ჩვენ გვზღუდავს ის ხელშეკრულებები რომელიც ჩვენი დადებულია. ასევე ვერ შეგვზღუდავს ევროკავშირის მიერ განხორციელებული ზომები, რამდენადაც ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი,“ - განაცხადა თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა.

რუსეთის შემდეგ, ირანი თურქეთისთვის მეორე მსხვილი გაზის მიმწოდებელია. ირანის გაზის ექსპორტის თითქმის 90 პროცენტზე მეტი და ნავთობის 51 პროცენტი თურქეთში მიდის. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ირანისთვის დოლარის და ევროს გადახდა აკრძალა, ანკარა ირანს გაზის საფასურს თურქულ ლირაში უხდის.

მართალია ლირის მსყიდველუნარიანობა საერთაშორისო ბაზრებზე შეზღუდულია, თუმცა თავად თურქული ოქროს შესაძენად იდეალური ვალუტაა. თურქეთის მთავრობას არ დაუკონკრეტებია თუ როგორ იხდის ის ირანული ნავთობის საფასურს.

ირანელი ანალიტიკოსი ჯამშიდ ასადი საფრანგეთში ბურგუნდიის ბიზნესსკოლაში ასწავლის. ის ამბობს, რომ ამგვარი გარიგება ორივე ქვეყანას აწყობს.

„ირანს სირთულე აქვს მიიღოს საფასური ფინანსური და საბანკო ტრანზაქციების გართულების გამო. თურქეთისთვის მიყიდულ ნავთობში, გაზში და ზოგჯერ ელექტროენერგიაში ირანელები ოქროს იღებენ. ეს კი თურქეთისთვის უდიდესი შემოსავალია და ასევე არის ირანული თავისტკივილის გადაწყვეტაც,“ - ამბობს ჯამშიდ ასადი.

ირანში თურქული ოქროს ექსპორტი ბოლო პერიოდში გაძლიერდა. ოფიციალური მონაცემებით ირანელი მყიდველების მიერ დუბაიში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ოქრო გადაიგზავნა. ანალიტიკოსი ინან დემირი ამბობს, რომ თურქეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ირანთან ვაჭრობას ოქროთი ახორციელებს.

ანალიტიკოსების აზრით, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, თურქეთი ირანულ ენერგორესურსებზე უარის თქმას არ აპირებს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთი მთლიანად რუსულ გაზზე გახდება დამოკიდებული.
ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთს და ირანს შორის ურთიერთობა საკმაოდ გართულდა. ამის მიზეზი კი არაბული გაზაფხული გახდა, რომელმაც მათი საგარეო პოლიტიკური მიზნები პოლარიზებული გახადა. მათი ინტერესები განსაკუთრებით სირიის საკითხში დაუპირისპირდა ერთამენთს. როგორც ცნობილია, თეირანი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მოკავშირეა, ხოლო ანკარა სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს.

სწორედ ამის გამო, თურქეთის პარლამენტის ყოფილი წევრი სუატ ქინინიქლიოღლუ შიშობს, რომ თურქეთსა და ირანს შორის ვაჭრობის მასშტაბი შესაძლოა შემცირდეს. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ანკარა ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიებას დაიწყებს, რასაც ბრიუსელშიც და ვაშინგონშიც მიესალმებიან.
XS
SM
MD
LG