თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ მომავალ კვირას გადაწყვეტს დატოვებს თუ არა ქვეყანა ევროპულ შეთანხმებას, რომელიც ქალებს ოჯახში ძალადობისგან იცავს. ამ განცხადებამ თურქი ქალების უმეტესობა გააბრაზა. მათ შორისაა პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის ქალიშვილიც.
თურქეთი პირველი ქვეყანა იყო, ვინც სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა 2012 წელს. მას შემდეგ შეურთდა დანარჩენი 33 ევროპული ქვეყანა.
ეს პირველი ერთობლივი დოკუმენტია, რომელიც ქალებზე ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად მიიჩნევს და „ქმნის ყოვლისმომცველ იურიდიულ ჩარჩოს და მიდგომას ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად“, მათ შორის იცავს მსხვერპლებს და ეჭვმიტანილი მოძალადეების დასჯისკენ მოუწოდებს.
თუმცა, თურქეთის კონსერვატიული მთვარობა ამბობს, რომ სურს დატოვოს შეთანხმება, სახელად: ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენცია. მიზეზად ანკარა ასახელებს იმ გარემოებას, რომ ის ძირს უთხრის თურქულ ოჯახებს და ე.წ ოჯახურ ტრადიციებს, რომელიც ისედაც იცავს ქალს ძალადობისგან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, თურქეთში ქალების 38% განუცდია ფიზიკური და/ან სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორისგან. ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჩვენ შევამცირებთ ფემიციდს“, რომლის ოფისიც სტამბოლშია, ავრცელებს ინფორმაციას, რომ 2011 წელს პარტნიორების მიერ მოკლული ქალების რიცხვი 121-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წელს პარტნიორმა 440 ქალი მოკლა.
თურქეთის მიერ შეთანხმების სავარაუდო გადაწყვეტილებამ დაპირსპირება გამოიწვია ერდოღანის ვაჟსა და ქალიშვილს შორის.
„ჩვენი რელიგია განსაზღვრავს ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს და შეხედულებებს ოჯახზე“, აცხადებს თურქეთის ახალგაზრდების ფონდი, რომლის საბჭოს წევრიც ერდოღანის ვაჟი, ბილალ ერდოღანია.
ერდოღანის ქალიშვილი სუმიე ერდოღანი თურქეთის „ქალთა და დემოკრატიის“ ასოციაციის აღმასრულებელი თავმჯდომარეა. ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ: „ვეღარ ვისაუბრებთ „ოჯახზე“... ისეთ მიმართებაში, როდესაც ერთი მხარე დაჩაგრულია და მასზე ძალადობენ“. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ „ოჯახში გაუპატიურება არ არის ნორმალური და ჯანსაღი. ჩაგვრა ადამიანურ ღირსებას და ისლამურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ნუმან კურტულმუსი ამბობს, რომ თურქეთის ლგბტ თემი ამ კონვენციას იყენებს, რათა თანაბარი მოპყრობა მოითხოვოს.
ისინი, ვინც თურქეთის შეთანხმებაში დარჩენის მომხრეები არიან, ამბობენ, რომ თუ თურქეთი აღარ იქნება შეთანხმების მონაწილე, ეს ქვეყნისთვის ევროპული ღირებულებებიდან უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუშლის ქვეყნის გრძელ გზას შეუერთდეს ევროკავშირს.
Facebook Forum