ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში ალევიტების რელიგიური უმცირესობის მდგომარეობა


ალევიტების რელიგიური უმცირესობა თურქეთის მთავრობისგან საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვს

თურქეთის მთავრობა ალევიტების ისლამური სექტის მიმდევრების მზარდი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობს. უნდა აღინიშნოს, რომ ისლამის ამ სექტის წევრების რელიგიური წეს-ჩვეულებები მნიშვნელოვნად განსხვავდება თურქეთის სუნიტი უმრავლესობის რიტუალებისგან. ალევიტები აცხადებენ, რომ ისინი თურქეთში შევიწროებასა და დისკრიმინაციას განიცდიან.

ჰატისე კოსე სკოლაში შვილის წასაყვანად მოვიდა. იგი ალევიტი მუსლიმი ქალია, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ თურქეთის მთავრობის წინააღმდეგ საქმე მოიგო, რომელიც მისი ბავშვების სკოლაში ცუდად მოპყრობას ეხებოდა.

იგი ეწინააღმდეგება თურქულ სკოლებში სუნიტური ისლამის სავალდებულო რელიგიურ განათლებას. მისი თქმით: „ჩემ შვილს ყოველ კვირას სამი საათის მანძილზე რელიგიური სწავლება უტარდება. როცა ჩემმა შვილმა განაცხადა, რომ ეს მის სარწმუნოებას არ შეესაბამება, მასწავლებელმა მას ჰკითხა თუ რანაირი მუსლიმი იყო ის.“

ჰატისე კოსემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ერთი ბავშვი, რომელსაც იგი პირადად იცნობს, მასწავლებელმა იმის გამო ცემა, რომ მან უარი თქვა ლოცვაში მონაწილეობაზე.

თურქეთის მთავრობის მიმართ ალევიტების მთავარი მოთხოვნა განათლების საკითხს ეხება. მართალია ალევიტები მუსლიმებად ითვლებიან, ისინი სამლოცველო სახლებში იკრიბებიან და არა მეჩეთებში.

მეჩეთებში ჩვეულებრივი მუსლიმანური ლოცვის მაგივრად ალევიტების რელიგიურ ცერემონიებში მამაკაცები და ქალები ერთად ცეკვავენ და მღერიან სქესობრივ საფუძველზე ყოველგვარი გაყოფის გარეშე. ბევრ ალევიტს აგრეთვე სჯერა გაყოფისა სახელმწიფოსა და რელიგიას შორის და ისინი თურქეთში ტრადიციულად სეკულარულ ფასეულობებს იცავენ.

ალევიტები თურქეთის მოსახლეობის თითქმის ერთ მეოთხედს შეადგენენ, მაგრამ მიუხედავად ამისა თურქეთის მთავრობა არ აღიარებს ამ სექტის რელიგიურ შეხედულებებს და შედეგად ალევიტების მრწამსი ქვეყანაში ოფიციალურად კულტურულ და არა რელიგიურ ერთობად ითვლება.

მაგრამ საზოგადოებრივი აზრი იცვლება. გასულ დეკემბერს სახელმწიფო ტელეარხით პირველად გავიდა პროგრამა ალევიტების მიერ აშურას დღესასწაულთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაულის შესახებ. ამ გადაცემამდე ალევიტების რელიგიური დღესასწაულის შესახებ სახელმწიფო მედიაში არაფერი ისმოდა.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა რეჯეპ ერდოღანმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა, როცა მან ალევიტების შეხვედრას მიმართა აშურას დღესასწაულის აღნიშნვნასთან დაკავშირებით.

ბატონი ერდოღანის ინიციატივით პირველად თურქეთში დაიგეგმა შეხვედრები, რომელშიც მონაწილეობენ ალევიტების წარმომადგენლები, აკადემიკოსები და მთავრობის წევრები.

ფაროკ ჩელიკი სახელმწიფო მინისტრია, რომელიც ხსენებულ ინიციატივას კურირებს. მისი თქმით, თურქეთის მთავრობა ამ სფეროში რეფორმებს დიდი სერიოზულობით უდგება.

მისი თქმით, თურქეთის მთავრობის ეგიდით ორგანიზებული შეხვედრები საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კიდევ გაგრძელდება. თურქეთის მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგის წარმართვას. მთავრობაში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ალიანსის შექმნისთვის, რომლის მეოხებითაც ფართო კონსენსუსზე დაყრდნობით შემუშავდება აუცილებელი რეფორმების პაკეტი.

ევროკავშირი მიესალმება თურქეთის მთავრობის ხსენებულ ინიციატივას, მაგრამ შემუშავებული რეფორმების საჯაროდ განცხადება არაერთხელ გადაიდო. შესაბამისად, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მოლოდინები თანდათან ქრება.

ამას გარდა ალევიტების სექტის როგორც ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობის აღიარება ბევრი სუნიტი მუსლიმისთვის დიდ მკრეხელობას წარმოადგენს.

სტამბოლის ერთ-ერთ მეჩეთში ლოცვის ხმა ისმის. ამ უბანში თურქეთის მმართველი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მომხრეები ცხოვრობენ. აქ ხალხთან ლაპარაკის დროს აშკარად იგრძნობა სიძულვილი ალევიტების მიმართ.

მართალია წარსულში ალევიტები საპროტესტო აქციებს თავს არიდებდნენ, ამ ბოლო ხანებში ათასობით ალევიტმა დემონსტრაციები გამართა უფრო მეტი უფლებების მოთხოვნით.

ევროკავშირის დახმარებით წაქეზებული ალევიტების მოთხოვნები მატულობს და თურქულ საზოგადოებაზე ზეწოლა იზრდება რათა ქვეყანაში რელიგიური მრავალფეროვნება დამკვიდრდეს. ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რამდენად წარმატებული იქნება მთავრობის ინიციატივები, მაგრამ მიუხედავად ამისა ცხადია ის, რომ თურქეთის პოლიტიკურ ასპარეზზე ალევიტების უფლებების საკითხი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დარჩება.

XS
SM
MD
LG