ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განწყობები ომის კვალდაკვალ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში


ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი, ერგნეთი, საქართველო
ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზი, ერგნეთი, საქართველო

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ ომში იღუპებიან. ეს იმის გამო ხდება, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციაა ე.წ. ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ორ ანკლავში, სადაც თავს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად მიიჩნევენ თვითაღირებული ხელისუფლებები, რუსეთია მოკარნახე იმისა, თუ სად და რატომ უნდა დაიღუპონ აფხაზები და ოსები.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთშიც და ოსეთშიც უკრაინის ომში დაღუპულების ცხედრებს გლოვობენ, ეს არაა „ოფიციალური გაწვევის“ შედეგი. რუსეთის ფედერაციამ ვერცერთ ამ რეგიონში ვერ გაბედა გაწვევის გამოცხადება იმის გამო, რომ ადგილობრივი თემები არ გაეღიზიანებინა - ასე მიიჩნევენ ქართველი პოლიტოლოგები, ვისაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა. ცხინვალში ამ დრომდე დაღუპულია 20 მებრძოლზე მეტი, თუმცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით უკვე ცდილობენ ამ ტიპის ინფორმაციის ლიმიტირებას.

მებრძოლები, ვინც უკრანის წინააღმდეგ ომში აფხაზეთიდან ან ცხინვალის რეგიონიდან მოხვდა, მოხალისეების სახით წავიდნენ. ცხინვალის შემთხვევაში მოხალისეებს დაემატა ის კატეგორია, ვინც რუსეთის სამხედრო კონტინგეტთან ინტეგრირებულ დანაყოფებში მსახურობდა.

19 ოქტომბერს, პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული ფედერაციის მიერ ახლამიერთებულად აღიარებულ ტერიტორიებზე - ლუჰანსკისა და დონეცკის „რესპუბლიკებსა“ და ხერსონისა და ზაპოროჟიის ოლქებში.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია იმ „სიკეთეების“ შესახებ, რასაც უკრაინის ომში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახები იღებენ რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა ნაწილში, პუტინის განკარგულებით. ასეთი სიკეთეა, მაგალითად, სკოლაში უფასო კვება ჯარისკაცების შვილებისთვის კრასნოდარის ოლქში, რასაც ადგილობრივი მერია დააფინანსებს. ივანოვსკის ოლქში 50 ათას რუბლს მიიღებენ მობილიზებულები, პრიკამიეში კი მობილიზებულ მოქალაქეებს თითო შვილზე 15 ათას რუბლს გადაუხდიან და სხვა. არის შეცდომით გაწვევის შემთხვევებიც, სწრაფი მობილიზაციის შედეგად. მაგალითად, ტვერსკის ოლქიდან გაწვეული 30 მოქალაქე დააბრუნეს უკან. ისინი შეცდომით აღმოჩნდნენ მობილიზებულთა რიგებში.

უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლის დაკრძალვა ცხინვალში
უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლის დაკრძალვა ცხინვალში

ჩრდილო ოსეთის ლიდერს, სერეგეი მენიაილოს პირადად დაევალა გაეკონტროლებინა საზღვარი, რათა მობილიზაციას დაქვემდებარებულ მოქალაქეებს თავი საქართველოსთვის არ შეეფარებინათ ზემო ლარსიდან. ის აკონტროლებდა ქვემო სარამაგის გამშვებ პუნქტსაც. მენიაილოს საზღვრის გადაკვეთამდე უნდა გადაეცა გაწვევის ცნობა მათთვის, ვინც აპირებდა საომარ მოქმედებებში ჩართვისგან თავის არიდებას. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ამ მხრივ, ვითარება ახლა კონტროლს ექვემდებარება და გამოქცეულთა ნაკადის გამო პრობლემები აღარ იქმნება.

11 ოქტოემბერს ცხინვალში დაკრძალეს კიდევ ერთი დაღუპული, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, როგორც რუსეთის ფედერაციის მეოთხე სამხედრო ბაზის კონტრაქტორი. მის პანაშვიდზე დე-ფაქტო პრეზიდენტიც მივიდა და განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთში არცერთ მოქალაქეს არ აურიდებია თავი მობილიზაციისთვის. ჩვენი ბიჭებიდან ყველა თვლის თავს ვალდებულად, დაეხმაროს დონბასელ ხალხს ამ რთულ დროში. მრავალმა გამოიჩინა გმირობა და ვაჟკაცობა და სამწუხაროდ, დათმო სიცოცხლე ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ ალან გაგლოევმა, დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ალბერ ჯუსოევი „სამშობლოს დამცველის“ ორდენით დააჯილდოვა. მისი ცხედრის ამოცნობა ვერ მოხერხდა, რადგან 14 კვირის განმავლობაში იყო დაკარგული. ჯუსოევის ვინაობა მხოლოდ დნმ ანალიზით დაადგინეს.

უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლის დაკრძალვა ცხინვალში
უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლის დაკრძალვა ცხინვალში

საკუთარი მოქალაქეების დასაცავად, ცხინვალის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც კი გაავრცელა იმ მოწოდებით, რომ სამხედრო პირებს ესარგებლათ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსური და არა რუსული პასპორტებით. თავდაცვის დე-ფაქტო მინსიტრის თქმით, ეს მათ დაიცავდა მობილიზაციაში მოხვედრისგან. „როგორც ცნობილია, სამხერთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უმეტესობა, ამავდროულად, არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეც. ამგვარად, სამხედრო სამსახურში გაწვევა, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ეხებათ იმ პირებსაც, ვისაც აქვს რუსეთის ფედერაციაში გავლილი რეგისტრაცია. ისინი მიიღებენ გაწვევის ცნობას. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო რეკომენდაციას აძლევს სამხედრო პირებსა და სამოქალაქო პერსონალს, საზღვრის კვეთისას თან იქონიონ სამხეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი,“- ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის საინისტროს განცხადებაში. ამ გზით, თვითაღიარებული უწყება ცდილობდა დაეცვა მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლისგან.

აფხაზურ და ცხინვალის საზოგადოებებს შორის ამჟამად არსებული განწყობების შესახებ საუბრისას, კონფლიქტოლოგი, კოალიცია „დევნილთა უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ზურაბ ბენიანიშვნილი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს, რომ „განწყობები ახლა შეცვლილია“.

„თუ თავდაპირველი ათვლის წერტილად მივიჩნევთ 24 თებერვალს, ომის დაწყების თარიღს უკრაინაში, შეზღუდული და რეალურად საყოველთაო მობილიზაციის თარიღი არის მეორე ათვლის წერტილი. დე-ფაქტო ცხინვალს საკუთარი თავდაცვის ძალები არ გააჩნია. მათი სამხედრო ძალები მთლიანად ინტეგრირებულია რუსულთან. ამდენად, მათ მოუწიათ თავიდანვე ჩართვა ომში. ამ მხრივ, განსხვავებული ვითარებაა აფხაზეთში. აფხაზებისგან წავიდა მოხალისეთა 30 კაციანი ჯგუფი. აფხაზები წინააღმდეგი იყვნენ, რომ მათი ახალგაზრდები ომში წასულიყვნენ. დიდი მსხვერპლია ცხინვალში. 20 ადამიანზეა საუბარი და ეს ძალიან დიდი რაოდენობაა პატარა ქალაქისთვის. მალევე გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ რამდენად გამართლებულია ისეთი მცირე ერების ჩართვა ომში, როგორიც ოსები არიან. ისინი ამბობდნენ, რომ რუსები დაგვეხმარნენ ყველაფერში, მზად ვართ მათ გვერდში დავუდგეთ, მაგრამ ეს არაა ჩვენი ომი იმდენად, რომ ამისთვის ყველა რესურსი გავიღოთო. აფხაზეთში თავიდანვე დარწმუნებულები იყვნენ, რომ ვერ შედგებოდა გაწვევა, თუ ის დაიწყებოდა, რადგან საზოგადოების ყველა ფენა გაწვევის სასტიკი წინააღმდეგი იყო,“- გვეუბნება ზურაბ ბენდიანიშვნილი.

დე-ფაქტო ცხინვალსა და აფხაზურ საზოგადოებებში ომთან დაკავშირებული განწყობებიბის მკაფიო ცვლილებების თაობაზე „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:04 0:00

„განწყობებში ცვლილებების თაობაზე მკაფიოდ იგრძნობა, არა რუსეთის სასარგებლოდ. როდესაც ომი დაიწყო, ცხინვალშიც და სოხუმშიც იყო აჟიოტაჟი, ეიფორია, რომ აი, ახლა უკრაინელების რიგი მოვიდა. რუსეთი განაგრძობს თავისი იმპერიალისტური განზრახვების განხორციელებას, ჩვენ ვინ რას გვეკითხება. რუსეთმა დასაჯა საქართველო, 2008 წელს, ჩვენ გვაღიარა დამოუკიდებლად, რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკა მუშაობს ჩვენს სასარგებლოდ. ასევე წაიკითხეს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ.. მაგრამ ომი რომ გაიწელა, უკვე წამოვიდა ირონია, ცინიზმიც კი. ეს იგრძნობა მათ ტელეგრამ არხებზე, სადაც წერენ, რომ აბა, სადაა გამარჯება? განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ხერსონისა და ხარკივის მიმართულებით არის უკრაინული წარმატება. გარკვეულწილად, ჩანს, რომ რუსეთი თავისას ვერ აღწევს და გაჩნდა კითხვა, „რა გვეშველება ჩვენ, თუ რუსეთი დამარცხდება. თუ რუსეთს მოუწევს თავისი აგრესიის მოთოკვა, ჯარების გაყვანა, მათ შორის აფხაზეთიდანაც?“ თუ მთელი მსოფლიო ამარცხებს რუსეთს?“ - ასეთი განცდები არის, განსაკუთრებით, აფხაზეთში“,- გვეუბნება პაატა ზაქარეიშვილი.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იმასაც აღნიშნავს, რომ ცხინვალში არ იგრძნობა დიდი ენთუზიაზმი და რომ ახალი პრეზიდენტი, ალან გაგლოევი პასიური პოზის დაკავებას ამჯობინებს. ამის მაგალითად თვლის ზაქარეიშვილი იმას, რომ აფხაზეთში, ომში გამარჯვების აღსანიშნავ იუბილეზე გაგლოევი სოხუმში არ წავიდა. „ამის გამო ის ცხინვალშიც კი გააკრიტიკეს. ზოგადად, გაგლოევი თავს არ იკლავს შეაქოს რუსეთის არმია“,- გვეუბნება ყოფილი სახელმწიფო მინისტრი.

უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლის დაკრძალვა ცხინვალში
უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლის დაკრძალვა ცხინვალში

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების განწყობების ცვლილების პრაქტიკული გამოხატულებაა ზურაბ ბენდიანიშვნილისთვის ის, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველების რაოდენობა გაიზარდა როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთში. „საქართველოს პასპორტის აღების მსურველი ახლა გაცილებით მეტია. ამას ბუნებრივი მიზეზიც აქვს, რადგან რუსეთის ფედერაციის პასპორტებით საზღვარგარეთ წასვლის შესაძლებლობა უკვე პრობლემური გახდა, როგორც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის.“ ამის შესახებ ჩვენთან პაატა ზაქარეიშვილმაც განაცხადა. ჩვენი რესპონდენტები, ასევე ფიქრობენ, რომ შექმნილი ვითარება ხელსაყრელ მომენტს ქმნის, რათა საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს ორივე საზოგადოებას. ეს შეიძლება, იყოს გზავნილები მშვიდობის მიმართულებით, რადგან ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ საზოგადოებს შორის არის შიში იმისა, რომ საქართველო ომს მათ წინააღმდეგ დაიწყებს. ეს შიში კი დიდწილად, განაპირობებს, რომ ცხინვალმა და სოხუმმა ერთადერთ მშველელად და გადამრჩენელად რუსეთი მიიჩნიოს. ამ მითის გაქარწყლება საქართველოს ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს, ამბობენ „ამერიკის ხმასთან“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG