ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ლუკაშენკოს ჯოჯოხეთი" - ციხანოუსკაია დასავლეთს უფრო მკაცრი პასუხისკენ მოუწოდებს


სვიატლანა ციხანოუსკაია
სვიატლანა ციხანოუსკაია

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოუსკაია დასავლეთს მოუწოდებს ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ. ის ამბობს, რომ ეს ერთადერთი გზაა რეჟიმის დასასუსტებლად.

8 ივნისს, „რადიო თავისუფლების“ პრაღის მთავარ ოფისთან საუბრისას, ყოფილმა მასწავლებელმა დასავლეთში პოლიტიკოსებს მოუწოდა ბელარუსი ხალხის ხმა შეისმინონ.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ შეგვიძლია რეჟიმს ეკონომიკური ბლოკი დავუწესოთ, რომ ვერ შეძლოს პოლიციისთვის თუ სამხედროებისთვის გადახდა“, - თქვა ციხანოუსკაიამ „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივ ტელეარხთან Current Time საუბრისას.

ციხანოუსკაიამ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გასული წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მან გამარჯვებას მიაღწია, ბელარუსი დატოვა და ახლა ლიეტუვაში იმყოფება.

არჩევნებში, რომელსაც დასავლეთში გაყალბებულად მიიჩნევენ, ოფიციალური შედეგებით, გამარჯვება 66 წლის ლუკაშენკოს ხვდა წილად. ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს. არჩევნებს საპროტესტო გამოსვლების ტალღა მოჰყვა, ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით.

დემონსტრაცია ლუკაშენკოს წინააღმდეგ
დემონსტრაცია ლუკაშენკოს წინააღმდეგ

თუმცა, დემონსტრანტების დარბევის და დაკავებების შედეგად, ლუკაშენკომ მოახერხა საპროტესტო ტალღის ჩახშობა. რამდენიმეთვიან დემონსტრაციებზე ათიათასობით დემონსტრანტი დააკავეს და რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა. ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ რეჟიმი დაკავებული დემონსტრანტების და აქტივისტების წინააღდეგ წამების მეთოდს იყენებს.

პასუხად, ევროკავშირმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და სხვა ქვეყნებმა უარი განაცხადეს ეცნოთ ლუკაშენკო, როგორც ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერი და მისი და მისი გარემოცვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

გასულ თვეში გააქტიურდა მოწოდებები ლუკაშენკოს წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების მისაღებად. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბელარუსმა ავიაკომპანია „რაინეარის“ რეისს, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიემართებოდა, აიძულა მინსკში დაჯდომა და ძალოვანებმა ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი, რამან პრატასევიჩი და მისი თანხმლები გოგონა დააკავეს.

გაეროს ადამიანის უფლებების უწყებები და დასავლეთის მთავრობები პრატასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. გასულ წლიდან მოყოლებული, ევროკავშირმა ბელარუსს სანქციების სამმაგი წყება დაუწესა, მათ შორის აქტივები გაუყინა და ვიზის აკრძალვა დაუწესა 88 პირსა და 7 კომპანიას, მათ შორის თავად ლუკაშენკოს. გაერთიანება სანქციების მეოთხე რაუნდზე, იქამდე მუშაობდა, სანამ „რაინეარის“ ინციდენტი მოხდებოდა. ვაშინგტონის პასუხი საპროტესტო გამოსვლებსა და ინციდენტზე ბრიუსელის ნაბიჯების მსგავსი იყო.

აქცია მოთხოვნით "თავისუფლება რამან პრატასევიჩს"
აქცია მოთხოვნით "თავისუფლება რამან პრატასევიჩს"

ციხანოუსკაიამ გამოხატა ოპტიმიზმი, რომ ბელარუსში დემოკრატიული ცვლილებები გარდაუვალია, მიუხედავად ლუკაშენკოს რეჟიმის რეპრესიული ქმედებებისა.

„ბელარუსები ორივეგან, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ფლანგებზე იბრძვიან. ბელარუსი ხალხი ბევრ რამეს თავად აკეთებს: იატაკქვეშ, ჩუმად. ხალხი ისეთი კრეატიულია, რომ ახალ გზებს პოულობენ რეჟიმის შესარყევად“, - განაცხადა ციხანოუსკაიამ.

8 ივნისს, ლუკაშენკომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ხელი მოაწერა, რომელიც სამოქალაქო უფლებების და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას ემსახურება.

ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ის ბრძოლას გააგრძელებს და ეცდება შეუნარჩუნოს ბელარუს ხალხს საერთაშორისო ყურადღება. მან აღნიშნა, რომ რუსეთს, რომელიც მხარს ლუკაშენკოს უჭერს, შეუძლია „კონსტრუქციული როლის“ თამაში, როგორც მედიატორს აქტივისტებსა და რეჟიმს შორის.

დემონსტრაცია მინსკში, 20 სექტემბერი, 2020
დემონსტრაცია მინსკში, 20 სექტემბერი, 2020

„ის რაც ბელარუსში ხდება, შიდა საკითხია. ეს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ეს არაა გეოპოლიტიკის საკითხი. თუმცა, რეჟიმი პრობლემა ხდება კრემლისთვისაც“, - თქვა ციხანოუსკაიამ და დაამატა, რომ მას და ოპოზიციას მოსკოვთან „ოფიციალური კონტაქტი“ არ ჰქონიათ.

38 წლის ციხანოუსკაია საპრეზიდენტო მარათონში მას შემდეგ ჩაერთო, რაც მისი ქმრის სვარჰეი ციხანოუსკის ჩანაცვლების გადაწვეტილება მიიღო. ის გასულ წელს დააკავეს ბრალდებებით, რომელიც მის მხარდამჭერებს აბსურდულად მიაჩნიათ. სვარჰეის 15 წლით პატიმრობა ემუქრება, მათ შორის მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით.

ციხანოუსკაიას რეჟიმმა ნება დართო მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, სავარაუდოდ იმის გამო, რომ ეჩვენებინათ, თითქოს ლუკაშენკო მას სერიოზულ კონკურენტად არ აღიქვამდა. თუმცა, სულ მალე, ციხანოუსკაია მის მთავარ ოპონენტად იქცა და შეძლო დიდი რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება.

8 ივნისს ლუკაშენკოს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რეჟიმის მოწინააღმდეგეებს და დემონსტრანტებს რამდენიმეწლიანი პატიმრობით ემუქრება. კანონი პატიმრობას ითვლისწინებს მათთვის, ვინც არასანქცირებულ პროტესტში განმეორებით მიიღებს მონაწილეობას.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG