ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელების 56% ტრამპის პრეზიდენტობას უარყოფითად აფასებს


თეთრ სახლში პრეზიდენტის რანგში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობას ამერიკელთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. საზოგადოებრივი რელიგიის კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვების თანახმად, მის პრეზიდენტობას მხოლოდ 38 პროცენტი აფასებს დადებითად და 56 უარყოფითად.

ტრამპის რეიტინგები საგრძნობლად ჩამორჩება მისი წინამორბედების დემოკრატი ბარაკ ობამას და რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშ უმცროსის რეიტინგებს. პრეზიდენტობის პირველი წლის ბოლოს ბუშის პრეზიდენტობას დადებითად 67, ობამას პრეზიდენტობას კი 69 პროცენტი აფასებდა.

პრეზიდენტობის ამ ეტაპზე ტრამპის რეიტინგი თითქმის ორჯერ ნაკლებია რონალდ რეიგანის დროინდელ რეიტინგზე, რომლის საქმიანობასაც პირველი წლის ბოლოს დადებითად ამერიკელთა 70 პროცენტი აფასებდა.

დონალდ ტრამპის რეიტინგები ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე რჩება, თუმცა კვლევის ავტორის, რობერტ ჯონსის თქმით, ამის მიუხედავად რესპუბლიკელების დიდ ნაწილში ის შეუცვლელი ლიდერია.

„ტრამპის მხარდამჭერებს შორის არიან ადამიანები, რომელთა შეხედულებები არ იცვლება, 10-დან მას 7 ადამიანი უჭერს მხარს, 10-დან 3 კი ამბობს, რომ ტრამპმა რაც არ უნდა გააკეთოს, მხარს მაინც მას დაუჭერენ. ასეთ დროს მახსენდება ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროინდელი ხუმრობა, რომ მას თავისუფლად შეუძლია ნიუ-იორკში, მედისონ ავენიუზე გაიაროს, ადამიანს ტყვია ესროლოს და სეირნობა გააგრძელო ისე, რომ ამას არაფერი მოყვება. მის მხარდამჭერებში არიან ადამიანები, ვისაც ამისი სჯერა,“ ამბობს ჯონსი.

ტრამპის პრეზიდენტობის შეფასებისას გამოკითხულთა აზრი თითქმის თანაბრად იყოფა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იმპიჩმენტი და ტრამპის მიერ კონსტიტუციის შესაძლო დარღვევა. გამოკითხულთა 47 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათმა პრეზიდენტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია, როცა ამის თითქმის იმდენივე ადამიანს - 46 პროცენტს - არ სჯერა. ამ საკითხზე უფრო მკვეთრია დაყოფა რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის, ათიდან 8 დემოკრატი ამბობს, რომ მან კონსტიტუცია დაარღვია, როცა რესპუბლიკელებში ამის მხოლოდ ყოველ მეათე გამოკითხულს სჯერა.

ჯონსის თქმით, წელს ჩატარებული კვლევა დიდ პოლიტიკურ პოლარიზაციას აჩვენებს. „იქნებიან ეს დემოკრატები თუ რესპუბლიკელები. ისინი მოწინააღმდეგე პარტიას ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევენ. არა უბრალოდ ოპონენტად, ვისაც არ ეთანხმებიან, არამედ ვისაც ხედავენ როგორც ფუნდამენტურ საფრთხეს ქვეყნისთვის. ორივე პარტიის უმრავლესობა, მოწინააღმდეგე პარტიას აღიქვამს საფრთხედ“.

მკვლევარის შეფასებით, ეს ქმნის ფონს, სადაც პარტიები ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან თემებზე დისკუსიას და შეთანხმებას, როცა პარტიები ერთმანეთში ხედავენ მტერს, „რომელსაც შეუძლია ქვეყანა გაანადგუროს.“

ტრამპისადმი ისტორიულად დაბალი მხარდაჭერის მიუხედავად, მცირეა იმპიჩმენტის იდეისადმი მხარდაჭერა. ათიდან მხოლოდ 3 ამერიკელი მიიჩნევს, რომ ის თანამდებობიდან უნდა გადააყენონ, იმპიჩმენტის წინააღმდეგი კი 65 პროცენტია.

ბრუკინგსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი უილიამ გალსტონი ამბობს, რომ დღეს რესპუბლიკური პარტია დონალდ ტრამპის პარტიაა და მისი მხარდამჭერების აზრზე გავლენას არც ისეთი გახმაურებული თემები იქონიებს, როგორიცაა არჩევნებში რუსეთის ჩარევა და ტრამპის გუნდის ზოგიერთი წევრის რუსეთთან თანამშრომლობა.

„არ მგონია რესპუბლიკელი ამომრჩევლები დიდი ყურადღებას აქცევდნენ რუსეთის გამოძიებას. როცა გამოძიების საგანი თავად პრეზიდენტი გახდება, რესპუბლიკელები მის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან. ისინი არც იჯერებენ, რომ რაიმე სერიოზული მოხდა ტრამპის კამპანიას და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის. ცხადია რომ ტრამპის მხარეს ჰქონდა ურთიერთობები და შეხვედრები, მაგრამ არ მჯერა რომ ამის გამო ისინი ხმას არ მისცემენ რესპუბლიკელ კანდიდატებს ან ტრამპის მიერ ოფისის დატოვებას მოითხოვენ,“ ამბობს გალსტონი.

მკვლევარების შეფასებით, 2018 წლის შუალედური არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმი იქნება არა მხოლოდ დონალდ ტრამპისთვის, არამედ ორივე პარტიისთვის, რომლებიც კონგრესში უმრავლესობისთვის იბრძოლებენ.

გალსტონის შეფასებით, მომდევნო არჩევნებზე დონალდ ტრამპი ამომრჩევლების მხარდაჭერას შეინარჩუნებს: „ბევრი ამბობდა, რომ ტრამპი პრეზიდენტობისთვის მზად არ იყო, ამის მიუხედავად იგივე ამერიკელებმა ხმა მას მისცეს და ის პრეზიდენტად აირჩიეს".

დღევანდელი მონაცემებით, 2018 წლის არჩევნებში დემოკრატებს 7 პროცენტით მეტი მხარდაჭერა აქვთ ვიდრე რესპუბლიკელებს. დემოკრატებს უფრო დიდი მხარდაჭერა აქვთ ქალ ამომრჩევლებში. ქალების 50 პროცენტზე მეტი ამბობს, რომ ხმას დემოკრატ კანდიდატს მისცემენ.

XS
SM
MD
LG