ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნოემბრის არჩევნების წინ, ტრამპის რეიტინგი ისევ დაბალია


შუალედურ არჩევნებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეიტინგები კი ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 40-42 პროცენტს არ სცდება. მართალია, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი კვლავ პრეზიდენტის ერთგულია, მაგრამ ამავე დროს, მათ პრეზიდენტის პოპულარობის დაბალი მაჩვენებელი აშფოთებთ, რაც ნოემბერში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრების არჩევაზე სავარაუდოდ, დიდ გავლენას მოახდენს.

ეს კვირა პრეზიდენტმა თეთრ სახლში კაბინეტის წევრებთან შეხვედრით დაიწყო. განხილვის მთავარი თემა დაწინაურებული ეკონომიკა იყო. ისაუბრეს სამუშაო ადგილების ზრდის და უმუშევრობის შემცირების იმედისმომცემ მონაცემებზე.

ჩვენს ეკონომიკას საქმე ასე კარგად აქამდე არასდროს ჰქონია. ჩვენს მოსვლამდე არასწორი გზით ვითარდებოდა, ახლა კი საუკეთესო ვითარებაა" - თავდაჯერებით აცხადებს პრეზიდენტი.

ორგანიზაცია “გალოპის” მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის კრედიტს ამერიკელი მოსახლეობისგან მართლაც იღებს. "გალოპის" წარმომადგენლის, ფრენკ ნიუპორტის თქმით, ეკონომიკის განვითარებისთვის პრეზიდენტს ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.

“ვიცით, რომ ყველაზე მაღალი რეიტინგი ტრამპს ეკონომიკის მართვაში აქვს. ბოლო გამოკითხვით, ეს 50 პროცენტია. სხვა მიმართულებებთან შედარებით, საკმაოდ კარგი მონაცემია” - აღნიშნავს ის.

თუმცა, იგივე არ ითქმის პოლიტიკაზე. განსაკუთრებით წინააღმდეგობრივი იყო პრეზიდენტის მიერ ჯონ ბრენანის, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორისთვის, საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. პარალელურად, გაკეთდა გაფრთხილება, რომ შესაძლოა ეს უფლება რამდენიმე სხვა ყოფილ მაღალჩინოსანსაც ჩამოერთვას. ამ ფაქტმა ბევრი ყოფილი თუ მოქმედი კანონმდებელი და ადმინისტრაციის წევრი გააკვირვა.

ჩემი გადასახედიდან, ეს ნიქსონის პერიოდის მეთოდებს ჰგავს, როცა მათ გაჩუმებას ცდილობ, ვისაც პრეზიდენტის გაკრიტიკება სურს. ისევ ისეთ განუკითხაობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ” - აცხადებს დემოკრატი სენატორი მარკ უარნერი.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტრამპის დაბალ რეიტინგებზე გავლენას წინააღმდეგობრივი საიმიგრაციო პოლიტიკა და რუსეთის პრეზიდენტთან მისი ბოლო შეხვედრაც ახდენს. ლარი საბატო ვირჯინიის უნივერსიტეტიდან ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ დონალდ ტრამპის პოპულარობის საშუალო მაჩვენებელი მთელი ამ ხნის მანძილზე, 50 პროცენტსაც კი ვერ აღწევდა: “საშუალოდ 50-პროცენტიანი რეიტინგი პრეზიდენტს არასდროს ჰქონია, პრეზიდენტობის არცერთ დღეს”.

რესპუბლიკელები შიშობენ, რომ ეს ფაქტი ნოემბრის არჩევნებზე მათ არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის შენარჩუნება რისკის ქვეშ დგება.

“პრეზიდენტის პარტია შუალედურ არჩევნებზე როგორც წესი, აგებს. მაგრამ, ასეთი არაპოპულარობა მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. პრეზიდენტ ტრამპის პოპულარობის მაჩვენებელი ისტორიულად დაბალი იყო და ასეა დღესაც” - ამბობს ჯონ ჰუდაკი ბრუკინგსის ინსტიტუტიდან.

ტრამპის მხარდამჭერები იმედს იტოვებენ, რომ ნოემბერში, საარჩევნო ურნასთან მისული ამერიკელი ამომრჩეველი ხმას მათ პარტიას ისევ ეკონომიკის გაძლიერებისთვის მისცემს. მათ შორისაა კორი ლევანდოვსკიც, ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი. მისი თქმით, “უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში არამარტო საშუალო კლასის თეთრ ამერიკელებში, არამედ აფრო-ამერიკელ და ლათინო-ამერიკელებშიც ისტორიულად, 1973 წლიდან, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ამის გამო ეს პრეზიდენტი ქებას იმსახურებს”.

საკმარისი იქნება თუ არა ეკონომიკური დაწინაურება კონგრესში და სენატში რესპუბლიკელთა უმრავლესობის შენარჩუნებისთვის, ამას ნოემბრის დასაწყისში შევიტყობთ. ამერიკაში შუალედური არჩევნები სამშაბათს, 6 ნოემბერს არის დანიშნული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG