ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობა და აშშ-ის პასუხი ობამას პრეზიდენტობის ბოლო პერიოდის მთავარი განსახილველი თემაა. მას შემდეგ, რაც რუსმა დიპლომატებმა აშშ-ის ტერიტორია დატოვეს, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება ბევრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, მათ შორის მისმა არჩეულმა შემცვლელმა, დონალდ ტრამპმა.
„მე ბევრი რამ ვიცი ჰაკერული შეტევების თაობაზე. ძნელია იმის დამტკიცება, თუ საიდან მოდიოდა ის. შეიძლება ვინმე სხვა იყო. მე ვიცი რაღაცეები, რაც სხვებმა არ იციან, და ისინი ასეთი დარწმუნებულები არ უნდა იყვნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თუმცა ტრამპს დემოკრატი კანონმდებლები აკრიტიკებენ.
„მან უნდა შეწყვიტოს ასე საუბარი, თუ სურს, რომ შეინარჩუნოს დამაჯერებლობა“, ამბობს დემოკრატი კონგრესმენი ადამ შიფი.
კანონმდებლებმა ორივე პარტიიდან, რუსეთის ქმედებები და კიბერ-შეტევები დაგმეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის ქმედებებზე უფრო მკაცრი პასუხიც არ არის გამორიცხული.
„სადაზვერვო სამსახურების დასკვნა არცერთ მხარეს, კონგრესის სადაზვერვო კომიტეტში, არც რესპუბლიკელებს და არც დემოკრატებს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ. თუმცა ერთადერთი, ვინც სხვანაირად ფიქრობს, დონალდ ტრამპია“, - ამბობს ადამ შიფი.
დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ ტრამპი თავს იკავებს შეფასებებისგან, მანამ, ვიდრე მას არ გააცნობენ მტკიცებულებებს. მათი თქმით, რუსეთი არაა ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კიბერ-შეტევებს ახორციელებს.
თუმცა კონგრესმენების ნაწილის თქმით, ერთია სამოქალაქო სამსახურის მონაცემების მიტაცება და მეორე, არჩევნებზე გავლენის მოხდენის საჯარო მცდელობა.
„განსხვავება იმაშია, რომ რუსეთმა არა მხოლოდ მონაცემები მოიპარა, არამედ გამოიყენა ის როგორც იარაღი. რუსეთმა ეს საარჩევნო სეზონზე გააკეთა განსაზღვრული მიზნით, რომ გავლენა მოეხდინა შედეგზე და აურზაური შეექმნა აშშ-ში. ასეთი რამ ჩინეთს არასდროს გაუკეთებია“, - ამბობს დემოკრატი ადამ შიფი.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჯერ-ჯერობით საპასუხოდ არანაირი ზომა არ მიუღია, რის გამოც მან ტრამპისგან შექება დაიმსახურა.
„იმედი მაქვს, ჩვენ ბევრ ქვეყანასთან გვექნება კარგი ურთიერთობა. მათ შორის რუსეთთან და ჩინეთთან“, - განაცხადა მომავალმა პრეზიდენტმა.
მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, მას ბევრი ქვეყნის ლიდერთან შეხვედრა მოუწევს და ის შესაძლოა, უფრო მეტჯერ შეხვდეს ვლადიმირ პუტინს ვიდრე მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა.