ამერიკის პრეზიდენტი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმირ პუტინი პირველ ფორმალურ შეხვედრას 16 ივლისს ჰელსინკიში გამართავენ.
სამიტი მას შემდეგ დადასტურდა, რაც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მოსკოვში რუს ოფიციალურ პირებს შეხვდა, მათ შორის პუტინსაც.
„პრეზიდენტმა ტრამპმა მთხოვა, რომ ჩამოვსულიყავი და რუსეთის წარმომადგენლებთან მელაპარაკა მასსა და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრის შესაძლებლობაზე“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა ბრიფინგზე მოსკოვში.
„ბევრი საკითხია, რომელზეც მიუხედავად განსხვავებებისა ჩვენს შორის, პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი ფიქრობენ, მათ შეუძლიათ კონსტრუქციული გადაწყვეტის გზები იპოვონ“, - დაამატა ბოლტონმა. „მინდა ვინმემ მითხრას, რომ ეს ცუდი აზრია“, - თქვა მან.
ქორი მტრედად გადაიქცა?
ბოლტონი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად გასულ მარტში დაინიშნა, რაც მოსკოვთან მეგობრობის სურვილის დროს უჩვეულო გადაწვეტილება იყო.
ბუშის ადმინისტრაციის ყოფილ ოფიციალურ პირს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც რუსეთისადმი ქორულად განწყობილს, და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კრიტიკოს არჩევნებში ჩარევის, იარაღის კონტროლის თუ სხვა საკითხების ირგვლივ.
„მე ახლა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ვარ. ჩვენ მის დღის წესრიგს ვატარებთ, და მე ამ დღის წესრიგის გატარებას ვგეგმავ“, - თქვა ბოლტონმა.
სამიტი უფრო მეტი ყურადღების ცენტრში მოაქცევს თეთრი სახლის ურთიერთობას რუსეთთან მაშინ, როდესაც ამერიკაში ტრამპის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის გარიგების საკითხს, ასევე ტრამპის კამპანიის და კრემლთან დაკავშირებული პირების კავშირებს იძიებენ.
მაშინ, როდესაც თეთრი სახლი და კრემლი ამ ბრალდებებს უარყოფენ, პრეზიდენტი ტრამპი კი მას „კუდიანებზე ნადირობას უწოდებს“, ორივე მხარე აღნიშნავს, რომ მიმდინარე გამოძიება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის შესაძლებლობას ჩრდილავს.
გასულ წელს, ბოლტონმა რუსეთის არჩევნებში ჩარევას „ომის ნამდვილი აქტი“ უწოდა. თუმცა ის ოთხშაბათს ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციას დაეთანხმა რუსეთთან გარიგების საკითხზე.
„პრეზიდენტის ბევრი კრიტიკოსი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას ცდილობს თეორიებით და ვარაუდებით, რომელიც სრულიად მცდარი აღმოჩნდა“, - თქვა ბოლტონმა და დაამატა, რომ ტრამპი ამ „პოლიტიკურ ხმაურს“ ყურადღებას არ აქცევს.
პუტინმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა „საუკეთესო მდგომარეობაში არ არის“.
„დასაწყისიდან მოყოლებული, სამწუხაროა, მაგრამ უნფა ითქვას, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა საუკეთესო მდგომარეობაში არ არის“, - თქვა პუტინმა.
ბევრი საკითხი და ცოტა დრო
მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში, აქტიური განსახილველი საკითხი იქნება, თუ რა შეთანხმება შეიძლება იქნას მიღწეული სამიტისას. ორი ქვეყნის მთავრობებს ამისთვის ბევრი დრო არ აქვთ.
მიმომხილველები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო სამიტების დაგეგმვას რამდენიმე თვიანი მზადება სჭირდება, რათა შედეგები მაღალი დონის შეხვედრის საჭიროებას განაპირობებდეს.
ბოლტონის თქმით, მომავალ მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, მის რუს კოლეგასთან სერგეი ლავროვთან ერთად განიხილავს.
განსახილველ საკითხთა ნუსხა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში გრძელია.
ორივე მხარემ, ვაშინგტონმა და მოსკოვმა, გამოხატა სურვილი იპოვონ საერთო ენა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა იარაღის კონტროლი და ტერორიზმთან ბრძოლა. უფრო რთული საკითხი ორი ქვეყნის განსხვავებული პოზიციაა უკრაინის და სირიის კონფლიქტებთან დაკავშირებით. ასევე, უთანხმოებას იწვევს დასავლეთის სანქციების საკითხი და კრემლის მიმართ ბრალდება, რომ მოსკოვმა ბრიტანეთის ტერიტორიაზე ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალის მკვლელობა სცადა.
ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი რობერტ მანინგი, ამერიკის ხმასთან საუბარში ამბობს, რომ საუკეთესო სცენარი სამიტის შედეგად უკრაინის და სირიის საკითხებზე პროგრესია, იარაღის კონტროლის არსებული შეთანხმებების შენარჩუნების კვალდაკვალ.
„პუტინს სურს უკრაინის, როგორ კიდევ ერთი გაყინული კონფლიქტის შენარჩუნება. ვფიქრობ, ვიხილავთ მცდელობას მინსკის შეთანხმებისადმი დაბრუნების და უკრაინის საკითხის მოგვარების მიმართულებით“, - ამბობს მანინგი. „და ინტერვენცია ყოველთვის უფრო ადვილია, ვიდრე გამოსვლა, პუტინი სავარაუდოდ, ცდილობს სირიიდან ‘გამოსვლის სტრატეგიის’ პოვნას“, - ამბობს ის.
Facebook Forum