ეს პირველი პირისპირ შეხვედრა, დიდი ოცეულის უმაღლესი დონის ჰამბურგის შეხვედრის კულუარებში შედგება. კრემლი აცხადებს, რომ ტერორიზმი, სირია და უკრაინა, მათი დღის წესრიგის მთავარი საკითხები იქნება.
თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, თუ რომელი თემები განიხილოს და ამ შეხვედრას „ჩვეულებრივ ორმხრივ შეხვედრას“ უწოდებს. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა ნებისმიერი თემა წამოწიოს.
სტივენ სესტანოვიჩი, საგარეო ურთიერთობების საბჭო:
„პრეზიდენტს თავისი საკუთარი იმპულსები აქვს. შეიძლება გადაწყვიტოს, რომ შეხვედრის წარმართვა რაიმე მოულოდნელი მიმართულებით სურს და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ეს, მისი სტილია.“
თუმცა, მიმდინარე გამოძიებები, რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო შეთქმულებას იძიებს, ადმინისტრაციის იმედებს, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ ჩრდილს აყენებს.
ჰანა თობურნი, ჰადსონის ინსტიტუტი:
„ყველაფერი, რაც ტრამპსა და პუტინს შორის მოხდება, ამ კონტექსტში იქნება დანახული. ტრამპი ზედმეტად მეგობრული ხომ არ იყო? შინ, საკუთარი კრიტიკოსების გასაჩუმებლად, ტრამპი ხომ არ ცდილობდა რუსეთის მიმართ ძალიან მკაცრი გამოჩენილიყო? ვფიქრობ, ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხებსაც სულ მალე ვნახავთ.“
მაგრამ ცოტა ვინმე მოელის, რომ ტრამპი რუსული ჰაკერული თავდასხმის საკითხს წამოჭრის. შეერთებული შტატების დაზვერვა ამბობს, რომ ის თავდასხმა, არჩევნებში მის დასახმარებლად იყო გამიზნული.
მოსკოვის ქუჩებში, რუსები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ორი ლიდერის შეხვედრის შემდეგ, ურთიერთობები გაუმჯობესდება.
კონსტანტინე, მოსკოვის მცხოვრები:
„ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება. ვიღაც უნდა მიხვდეს, რომ თუ არ ვითანამშრომლებთ, პროგრესი არ გვექნება.“
კრიტიკოსები ირწმუნებიან, რომ თანამშრომლობისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სავარაუდოდ რიტორიკით იქნება შემოფარგლული.
ანდრეი კოლესნიკოვი, კარნეგის მოსკოვის ცენტრი
„ამჟამად ორივე ლიდერის მხრიდან ვერც კონკრეტულ გეგმას, ვერც კონკრეტულ მიზნებს და იმის ნებასაც კი ვერ ვხედავთ, რომ ეს მიზნები ცხოვრებაში გაატარონ. როგორც ჩანს, პუტინი ტრამპის მიერ გადადგმულ რამდენიმე ნაბიჯს დაელოდება, ამ დროს კი ტრამპი ამერიკის შიგნით საკუთარ პრობლემებს ვერ უმკლავდება. მან არ იცის პუტინთან ურთიერთობას როგორი ფორმა მისცეს. არ არის მიზანი, არ არის ნება, არ არის პროგრესი.“
კოლესნიკოვი ამბობს, რომ შედეგის მიუხედავად, ორმხრივი შეხვედრა კრემლისთვის გამარჯვებაა.
შეხვედრა თუ ცუდად წარიმართება, რუსეთი ამაში შეერთებულ შტატებს დაადანაშაულებს. თუ კარგად წარიმართება, ქულებს პუტინი დაიწერს.
Facebook Forum