პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი ფედერალური რეკომენდაციები გამოსცა, რომელიც შეერთებული შტატების ეკონომიკის ეტაპობრივ ამუშავებას ითვალისწინებს. "ამერიკის კიდევ ერთხელ გახსნა" - ასე ჰქვია პრეზიდენტის სახელმძღვანელოს შტატებისთვის.
ტრამპის განცხადებით, თითუელი შტატის გუბერნატორი თავად გადაწყვეტს, თუ როდის და როგორ დაიწყოს რეკომენდაციების იმპლემენტაცია. პრეზიდენტი ამბობს, რომ კორონავისის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, შტატების გახსნის პროცესი სამ ფაზად დაიყოფა. მისი თქმით, ახალი რეკომენდაციები ადგილზე შექმნილ ვითარებას გაითვალისწინებს.
"თქვენ თვითონ გადაწვყვეტთ", - უთხრა ტრამპმა გუბერნატორებს. "თქვენს გვერდით ვიდგებით, ჩვენ ქვეყანას გავხსნით და ავამუშავებთ. ხალხს უნდა სამუშაოს დაუბრუნდეს", - თქვა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შტატს, სადაც ვირუსის გავრცელება მინიმალურია, მალევე შეეძლება ეკონომიკის ხელახლა ამუშავება.
დებორა ბირქსის, თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის თქმით, ადმინისტრაცია არ აწესებს დროის განსაზღვრულ პერიოდს ამ ფაზებისთვის. პირველი ფაზის დაწყება მოხდება, თუ 14 დღის განმავლობაში შეერთებული შტატების ამა თუ იმ ნაწილში ტესტები ინფიცირების შემთხვევების კლების ტრაექტორიას აჩვენებს.
პირველი ფაზაში, პროტოკოლის მიხედვით, რესტორნებს, კინოთეატრებს, სპორტულ დაწესებულებებს და სალოცავ ადგილებს შეეძლებათ გაიხსნან, თუ ისინი დაიცავენ ფიზიკური დისტანცირების და სანიტაციის წესებს. დახურული სკოლები და ბაღები ისევ დახურული დარჩება. პირველ ფაზაში ფედერალური მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები შესაძლებლობის მიხედვით სახლიდან ამუშაოს. რისკის ჯგუფში მყოფი პირები უნდა დარჩნენ სახლში.
პირველ ფაზაში, მოსახლეობას მოუწოდებენ გააგრძელონ სოციალური დისტანცირების პრაქტიკა და შეზღუდონ არასაჭირო მოგზაურობა.
მეორე ფაზის განმავლობაში, თუ ინფიცირების ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდება, სკოლებს და ბაღებს შეეძლებათ გაიხსნან. აკრძალული დარჩება მოხუცებულთა სახლებში ვიზიტები. რესტორნებს და სხვა დაწესებულებებს შეეძლებათ გაზარდონ ხალხის რაოდენობა საშუალო დონეზე. ბარებს შეეძლებათ შეზღუდული რაოდენობით ხალხის მიღება.
თუ მეორე ფაზაზეც არ დაფიქსირდება შემთხვევების მატება, რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიეცემათ უფლება შეზღუდულად იურთიერთონ სხვებთან, თუმცა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცირების წესები. მხოლოდ მესამე ფაზაზე შეეძლებათ დამსაქმებლებს, რომ დაუბრუნდნენ ნორმალური ოპერირების პერიოდს. ნებადართული იქნება მოხუცებულთა სახლში ვიზიტებიც. დიდ საჯარო თავშეყრის სივრცეებს, იქნება ეს სტადიონები თუ საკონცერტო დარბაზები, შეეძლებათ ლიმიტირებული სოციალური დისტანცირებით გააგრძელონ ფუნქციონირება.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცალკეულ შტატებს შეეძლებათ პირველ ფაზაზე 1 მაისამდე გადავიდნენ. თუმცა, მან ისიც აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ დონეზე იქნება მიღებული. 30 აპრილამდე შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.
Facebook Forum