ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას უნდა ველოდოთ მერკელი-ტრამპის შეხვედრისგან


17 მარტს თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა გაიმართება. ამ შეხვედრამ შესაძლოა ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალი განსაზღვროს.

ამერიკა-გერმანიის ურთიერთდამოკიდებულება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტრამპმა, ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას, კანცლერი მერკელი ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკის გამო ევროპის დანგრევაში დაადანაშაულა, ცუდად მოიხსენია ნატო და „სავაჭრო ომზეც“ გააკეთა მინიშნებები. მერკელმა კი თავის მხრივ, ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა მუსლიმური უმრავლესობის მქონე სახელმწიფოებიდან ამერიკაში შემოსვლის შეზღუდვის დაწესების გამო და შეახსენა, რომ:

„ამერიკა-გერმანიის ნებისმიერი თანამშრომლობა უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიის, თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანთა ღირსების პრინციპებს, ასევე ადამიანთა თანასწორობას მიუხედავად წარმომავლობისა, კანის ფერისა, რელიგიისა, გენდერისა, სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური მრწამსისა“.

მართალია ურთიერთობები კვლავ დაძაბულია, მაგრამ პოლიტიკის მკვლევარები თანამშრომლობის საფუძვლებს ხედავენ. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების კვლევის ცენტრის დირექტორი დანიელ ჰამილტონი ამბობს, რომ აუცილებელია ტრამპის განცხადებებსა და მისი ადმინისტრაციის რეალურ ნაბიჯებს შორის განსხვავებების გათვალისწინება.

„როდესაც საქმე ოფიციალურ განცხადებებს ეხება, უნდა გავიხსენოთ, რომ ვიცე პრეზიდენტმა პენსმა გერმანიასა და ბრუსელში ნატოს შესახებ განსხვავებული განცხადებები გააკეთა. მისი პათოსი გაიზიარა თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანი მატისმაც. და ეს გზავნილები არაფრით განსხვავდებოდა ამერიკის ტრადიციული საერთაშორისო პოლიტიკისგან და ალიანსის მიმართ ამერიკის მანამდე არსებული დამოკიდებულებებისა და განცხადებებისგან.

ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ გერმანიისა და ნატოს სხვა მოკავშირეების პასუხი ტრამპის მიერ ფინანსური ვალდებულებების თანაბრად შესრულების მოწოდებაზე, პოზიტიური იყო. თუმცა ჰამილტონი ამბობს, რომ როცა საქმე ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება, ვითარება მაინც დაძაბულია.

ტრამპმა, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატობის პერიოდში განაცხადა, რომ ის უარს იტყოდა ისეთ მრავალმხრივ შეთანხმებებზე, როგორიცაა ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობა ევროპასთან. შესაძლო კომპრომისებზე მინიშნებისას ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებმა კი ჟურნალისტებს გასულ კვირას უთხრეს, რომ ეს შეთანხმება შესაძლოა ჩაითვალოს „ერთი-ერთზე გარიგებად, რომელიც აჩვენებს თუ როგორ აკავშირებს ერთმანეთთან ევროკავშირი ევროპული სახელმწიფოების ეკონომიკებს.“

კიდევ ერთი „განხეთქილების ვაშლი“ შეიძლება იყოს საზღვარზე პროდუქის იმპორტის გადასახადის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებაც, რომელიც ტრამპის პოლიტიკის მიხედვით, წაახალისებს კომპანიებს, პროდუქტი ამერიკის ფარგლებში აწარმოონ. ეს ახალი პრეზიდენტის აზრით, გაზრდის ქვეყანაში სამუშაო ადგილების რაოდენობას. თუმცა ევროპელები ამას საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამენ და ამბობს, რომ „ამერიკული ბიზნესის პროტექციონიზმია“

„გერმანელები შეშფოთებულები არიან“, - ამბობს სტივენ ჟაბო, ტრანსატლანტიკური აკადემიის დირექტორი, „პიტერ ნავარო, რომელიც თეთრ სახლში ახლად შექმნილ „ეროვნულ სავაჭრო საბჭოს“ ხელმძღვანელობს, გერმანიას ამერიკის უდიდეს „სავაჭრო პრობლემად“ განიხილავს, იმაზე უფრო დიდ პრობლემად, ვიდრე ჩინეთს“.

ჟაბო ამბობს, რომ სავარაუდოდ, მერკელი მკაფიოდ გაუსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად დიდია ამერიკაში გერმანული ინვესტიცია და იმას, რომ ამერიკულ-გერმანულ კომპანიებში 600 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ამგვარი ბიზნეს კავშირების შეზრუდვა კი არათუ სიკეთეს არ მოუტანს შრომით ბაზარს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად დააზარალებს.

დანიელ ჰამილტონი ამბობს, რომ მერკელი მოლაპარაკებების უნარებს გამოიყენებს და ცნობილი წიგნის - „გარიგების ხელოვნების“ ავტორ პრეზიდენტს ცხად წარმოდგენას შეუქმნის ევროპულ პერსპექტივებზე.

„კონფრონტაცია მერკელის სტილი არაა, ის პრაგმატულია, ის ამ დრამას გაანეიტრალებს. შეხვედრაზე კი ძალიან კონკრეტული გეგმით მივა: დაეხმაროს პრეზიდენტს ევროპული პროცესების უკეთ გაგებასა და გერმანიის როლის გააზრებაში“.

ჰამილტონის აზრით, ეს შეხვედრა მომავალი მოლაპარაკებების ერთგვარი პრელუდიაა. ტრამპის პირველი ოფიციალური ვიზიტი ევროპაში მაისის თვეშია დაგეგმილი. ის ბრიუსელში ნატოს სამიტზე და შემდეგ უკვე კუნძულ სიცილიაზე „დიდი შვიდიანის“ სამიტზე დასწრებას გეგმავს.

XS
SM
MD
LG