ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს შარლოტსვილში მომხდარზე რეაქციისთვის აკრიტიკებენ


„უმკაცრესად ვგმობთ ამ სიძულვილის, შეუწყნარებლობის და ძალადობის აღმაშფოთებელ გამოვლინებას ბევრი მხრიდან, ბევრი მხრიდან“. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეს განცხადება და მისი პირველადი რეაქცია ქალაქ შარლოტსვილში საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობაზე ფართო კრიტიკის საგანი გახდა.

კრიტიკა ძირითადად იმან გამოიწვია, რომ დონალდ ტრამპმა პრაქტიკულად, ერთნაირი პასუხისმგებლობა დააკისრა მომიტინგეთა ორივე მხარეს. რესპუბლიკელი სენატორის ორინ ჰატჩი ამბობს, რომ „ბოროტებას თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ჩემს ძმას ტყუილუბრალოდ არ გაუწირავს თავი ჰიტლერთან ბრძოლაში, რომ ნაცისტური იდეები ჩვენ აქ, შინ, კრიტიკის გარეშე გავატაროთ“.

ტრამპს არამარტო საკუთარი პარტიის წევრები, არამედ უახლოესი გარემოცვაც აკრიტიკებს. ენტონი სკარამუჩი, რომელიც მოკლე ხნით თეთრ სახლში მსახურებდა, ამბობს, რომ ტრამპი „გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყო თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების და ამ მოვლენის მიმართ“.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ პასუხად განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეაქცია ნაციონალისტების და ექსტრემისტული დაჯგუფებების დაგმობას შეიცავდა. მაგრამ, ბევრი ფიქრობს, რომ განცხადება ამ შეფასებებში საკმაოდ ბუნდოვანი იყო.

„ნამდვილად ასე ვთვლი, რომ ყოველთვის, როცა ხალხის წინააღმდეგ იერიშს მათი დაშინების ინიცირების მიზნით ახორციელებ, ეს ტერორიზმია“ - ამბობს გენერალი მაკმასტერი, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მიერ კვირას გაკეთებული განცხადება მეტ კონკრეტიკას შეიცავდა. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტმა ტრამპის ნათქვამიც დაიცვა. „არანაირი შემწყნარებლობა არ გაგვაჩნია თეთრი რასის უპირატესობის მომხრეების, ან ნეო-ნაცისტების, ან კუ-კლუქს-კლანის მომხრეთა სიძულვილის და ძალადობის მიმართ“ - განაცხადა მაიკ პენსმა პრეს-კონფერენციაზე, რომელიც კვირას, კოლუმბიის ქალაქ კარტახენაში გაიმართა.

თეთრი რასის უპირატესობის მომხრე, ულტრა მემარჯვენე ნაციონალისტების დემონსტრაცია, რომელიც შაბათს, ვირჯინიის შტატის ქალაქ შარლოტსვილში გაიმართა, ძალადობით და ტრაგედიით დასრულდა. ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ, მემარჯვენეთა მხარდამჭერი იყო, კონტრ-დემონსტრანტთა ჯგუფში მსუბუქი ავტომობილით შევარდა. ინციდენტში 32 წლის ქალი დაიღუპა. დემონსტრაციაზე სულ 19 ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე საათის შემდეგ, პოლიციის დასახმარებლად გამოძახებული ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, ქალაქის გარეუბანში ორი პოლიციელი დაიღუპა. რაც შეეხება მკვლელობაში ეჭვმიტანილ მანქანის მძღოლს, ის სამართალდამცავებმა მალე დააკავეს. მას მეორე ხარისხის მკვლელობის ბრალდება აქვს წაყენებული. შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა კი გამოძიება ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG