ვიდეო, რომელიც ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ ანგარიშზე გამოაქვეყნა, პროფესიული „ვრესლმანიის“ სანახაობიდან არის, სადაც ტრამპმა როლი რინგის გარეთ დადგმულ დაპირისპირებაში შეასრულა. ტრამპის მიერ დამარცხებული მოწინააღმდეგის თავზე „სი-ენ-ენის“ ლოგო არის გადადებული.
თეთრი სახლის მრჩეველმა შიდა უსაფრთხოების საკითხებში, თომ ბოსერტმა „ეი-ბი-სი"- სთვის მიცემულ ინტერვიუში უარყო მოსაზრება, რომ ტრამპის ვიდეო, შესაძლოა, ვინმემ ჟურნალისტებისადმი მიმართულ მუქარად მიიღოს.
ჟურნალისტმა მარტა რადაციმ ბოსერტს ჰკითხა: „და თქვენ არ ფიქრობთ, რომ ეს ვინმეს წინააღმდეგ მიმართული მუქარაა? არ ფიქრობთ, რომ ეს გზავნილია? ასე მოექეცით მედიას, ასე მოექეცით „სი-ენ-ენს“?
რაზეც თეთრი სახლის მრჩეველმა უპასუხა: „არა, ნამდვილად არა. ასე არ ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ამაში მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის ნამდვილი პრეზიდენტია, საკუთარ აზრს პირდაპირ გამოთქვამს და გულწრფელად გეტყვით, ვფიქრობ, ის სწორედ ამის გამო აირჩიეს. ის უაღრესად გულწრფელი პიროვნებაა და ხალხი, რომელიც ხედავს პოლიტიკოსებს და შემდეგ მას ადარებს, რწმუნდება, რომ მისი გაგება და მასთან ერთობა შეუძლია.“
პრეზიდენტის კომენტარებმა დღის განმავლობაში უამრავი უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია, მაგრამ კვირა საღამოს ტრამპმა კიდევ ერთი შეტყობინება გამოაქვეყნა, რომელშიც „უსინდისო მედიაზე“ ტრიუმფალური გამარჯვების პირობა დადო.
ტვიტერის გზავნილს ვიდეო ამონარიდი ჰქონდა დართული მისი სიტყვიდან, რომელიც შაბათს ვაშინგტონში, მომავალ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიტინგზე წარმოთქვა.
„ყალბი მედია ჩვენს გაჩუმებას ცდილობს, მაგრამ ამის ნებას არ მივცემთ, რადგან ხალხმა სიმართლე იცის. ყალბმა მედიამ სცადა ჩვენთვის თეთრი სახლის დაკავების ნება არ მოეცა, მაგრამ მე პრეზიდენტი ვარ, ისინი კი - არა,“ - ამბობს ვიდეოში პრეზიდენტი.
ტრამპი, მისი ხუთთვიანი პრეზიდენტობის გაშუქების გამო, წამყვანი გაზეთების და ტელევიზიების წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ბოლო დღეებში მისი სარკაზმის განსაკუთრებული სამიზნე „სი-ენ-ენი“ გახდა.
ტელევიზიამ უკან გაიწვია რეპორტაჟი, რომელიც მცდარ ინფორმაციას ეფუძნებოდა. „სი-ენ-ენმა“ ტრამპის ერთ-ერთი გავლენიანი მხარდამჭერი იმ გამოძიებას დაუკავშირა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რუს ოფიციალურ პირებსა და ტრამპის პოლიტიკურ კამპანიას შორის კავშირს იკვლევს.
„სი-ენ-ენმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამწუხაროდ, „შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას აქეზებს. ტელეკომპანია ასევე ამბობს, რომ ტრამპი „ბავშვივით იქცევა, რაც მისი თანამდებობის ღირსებას მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.“
„სი-ენ-ენ"-ზე თავდასხმას რამდენიმე დღით წინ უსწრებდა „ემ-ეს-ენ-ბი-სის“ საკაბელო ტელევიზიის ყოველდღიური პოლიტიკური შოუს ორ მთავარ წამყვანზე "ტვიტერით" გალაშქრება.
Facebook Forum