ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში უდიდესი გამოწვევებისა და შესაძლებლობების პერიოდია. სახალხო აჯანყებებმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თქმით, რამდენიმე მითი დაანგრია. ერთი ის, რომ მთავრობას შეუძლია მმართველობის შენარჩუნება საკუთარი ხალხის სურვილებისა და მათი უფლებების გათვალისწინების გარეშე. მეორე მითი ის არის, რომ რეგიონში რეჟიმების შეცვლა მხოლოდ ძალადობრივი მეთოდებით არის შესაძლებელი. და ბოლო და უმნიშვნელოვანესი დანგრეული მითი ის არის, რომ არაბები არ იზიარებენ ადამიანის უფლებების, ღირსებისა და შესაძლებლობების უნივერსალურ ღირებულებებს.
რეგიონში ამ ბოლო დროს გამართული საპროტესტო დემონსტრაციები შესაძლებელს ხდის უფრო დემოკრატიული, ეკონომიკურად წარმატებული და ანგარიშვალდებული მთავრობების ჩამოყალიბებას. თუმცა, იმის რისკი, რომ დემოკრადტიული პროცესები შეიძლება კვლავ ავტოკრატული ლიდერების გავლენის ქვეშ მოეცეს კვლავ არსებობს.
შეერთებული შტატები მზადაა გააგრძელოს რეფორმისტების მხარდაჭერა. ხალხებისა და მთავრობების მიერ პოლიტიკური ცვლიებების განხორციელებაში მხარდაჭერასა და წახალისებასთან ერთად, ამერიკა აპირებს ეკონომიკური დახმარების აღმოჩენასაც, რომელიც აუცილებელი იქნება ცვლილებების გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის. სწორედ ამ მიზნით, შეერთებულმა შტატებმა მობილიზება გაუკეთა დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს, რომელიც საზღვარგარეთ კერძო ინვესტიციების კორპორაციის მეშვეობით ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში კერძო სექტორში ინვესტირებას შეუწყობს ხელს. ასევე ამ მიზნით, შეიქმნა ამერიკა-ჩრდილოეთ აფრიკის ეკონომიკური თანამშრომლობის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია ახალი საწყისების პარტნიორების ჯგუფთან, რომელიც ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკის ახალგაზრდა მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირებას შეუწყობს ხელს.
ამერიკა ასევე ყურადღებით ადევნებს თვალს რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, ქრისტიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ეგვიპტეში ეკლესიების დაწვის ფაქტების შემდეგ. უმცირესობათა წარმომადგენლები, რომლებიც გაცილებით დაუცველები არიან ქვეყანაში მიმდინარე არეულობის შემთხვევაში, იმსახურებენ იმას, რომ დაცული იქნას მათი რელიგიური თავისუფლება. შეერთებული შტატები ასევე ცდილობს იმას, რომ დემოკრატიულ ცვლილებებს თან ახლდეს ყოვლისმომცველი ჩართულობა - რაც იმას ნიშნავს, რომ ქალებს და რელიგიურ უმცირესობებს თანასწორი უფლებები ჰქონდეთ.
„ჩვენ ამ რეგიონის მომავალი გვაღელვებს,“ განაცხადა დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და დასაქმების მიმართულებით სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მაიკლ პოზნერმა. „შეერთებული შტატები ელოდება დღეს, როცა რეგიონის მოქალაქეები, განურჩევლად რელიგიური მრწამსისა და სქესისა, შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმას, უფლებების დაცვას და მიზნიების მიღწევას.“