ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ იორკში მატარებელი რელსებიდან გადავარდა


ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, 60-ზე მეტი დაშავდა, რომელთაგან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია


ნიუ იორკიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მიმავალი მატარებელი, რომელშიც 100-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, დღეს დილას, სარკინიგზო რელსებიდან გადავარდა. ინციდენტს 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 60-ზე მეტი დაშავდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, 11 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ჩრდილოეთის მიმართულების მატარებლის შვიდივე ვაგონი ბრონქსის უბანთან გადავარდა. მატარებლის პირველი ვაგონი დანარჩენ შემადგენლობას მოწყდა და მდინარე ჰუძონის ნაპირას გაჩერდა, თუმცა მდინარეში ჩავარდნას სასწაულებრივად გადაურჩა.

განსაკუთრებულ შემთხვევათა სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ სამი ადამიანის გარდაცვალება ინციდენტის დროს ვაგონიდან გადმოვარდნამ გამოიწვია. მაშველებმა ერთი გარდაცვლილი მატარებელში იპოვეს. საავარიო სამსახურის წარმომადგენლებს საჭრელი საშუალებები დასჭირდათ იმისთვის, რომ რამდენიმე დაშავებული გადაერჩინათ.

ნიუ იორკის გუბერნატორის, ენდრიუ ქუომოს განაცხადებით, ავარიის გამომწვევი მიზეზი ახლა დგინდება. ის წინასწარი დასკვნებისგან თავს იკავებს და უსაფრთხოების ეროვნული სატრანსპორტო საბჭოს გამოძიების შედეგებს დაელოდება.

გუბერნატორის განცხადებით, მაშველებმა ვაგონში მყოფი ყველა მგზავრის უსაფრთხოებაზე იზრუნეს. ავარიის შედეგად მატარებლის მძღოლიც დაშავდა.
XS
SM
MD
LG