საქართველოსში ტურიზმის განვითარებას ბოლო რამდენიმე წელია დიდი ყურადღება ექცევა, როგორც სახელმწიფო დონეზე, ასევე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ინვესტორების ნაწილი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე საქართველოში ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი სექტორი იყო, ინდუსტრია მაინც განვითარების საწყის ეტაპზეა.
საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დირექტორი, ბატონ ესბენ ემბორგი აცხადებს, რომ მრავალმხრივი პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, უცხოელი ინვესტორები თავს იკავებენ ქართულ ბაზარზე შემოსვლისგან და ქართული ბიზნესებისთვის სესხის მიცემისგან. თუმცა მიუხედავად ამისა, ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, რომლებიც ინვესტიციებს სარისკო კაპიტალში აბანდებენ, წარმატებით ართმევენ თავს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებას. მაგალითად, ბატონი ემბორგის თქმით, საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდმა წარმატებით დააფინანსა სასტუმროების ქსელი „რჩეული,“ რომელსაც საქართველოს რეგიონებში უკვე შვიდი სასტუმრო აქვს.
თუმცა, მიუხედავად ცალკეული წარმატებებისა, ბატონი ემბორგის თქმით:
„ტურიზმი არ არის ყველაზე წარმატებული ინდუსტრია, თუმცა შეინიშნება დადებითი ზრდის ტენდენცია, რომელიც არ შეიძლება გამოგვრჩეს. სასტუმროების ბიზნესი საკმაოდ წარმატებულია, ხოლო მასთან კი ეკონომიკის ბევრი სხვა სექტორია დაკავშირებული.“
ტურიზმის დახვეწილი პრაქტიკის დასანერგად, სასტუმროების ბიზნესის განვითარებასთან ერთად, აუცილებელია კერძო და საჯარო სექტორის აქტიური თანამშრომელობა. ეს კი სახელმწიფოს მიერ განვითარებისთვის საჭირო, ხელსაყრელი პირობების შექმნას და სტრატეგიული გეგმის შემუშავებას მოითხოვს.
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის კონსულტანტი ორგანიზაცია „ეს დაბლიუ ესოშიეტის“ პრეზიდენტი სკოტ ვეინი აცხადებს, რომ ახალი სტრატეგიის თანახმად, რომელიც საქართველოს მთავრობამ მისი ორგანიზაციისა და ამერიკის ვაჭრობისა და განვითარების სააგენტოს რეკომენდაციით შეიმუშავა, საქართველოში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 2007 წელთან შედარებით 150%-ით ანუ 2.5 მილიონ ადამიანამდე გაიზრდება.
ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან საუბრისას, ბატონმა ვეინმა განაცხადა:
„საქართველოში ტურიზმის მიმართ დამოკიდებულება იცვლება. ქართველები აცნობიერებენ, რომ ტურიზმს ნამდვილად შეუძლია ქვეყნის განვითარებაში დადებითი როლის თამაში. თუქრეთში ყოველწლიურად 600 ათასი ამერიკელი ჩადის დასასვენებლად. მათი მხოლოდ 2.5 პროცენტი რომ დავიყოლიოთ საქართველოში რამდენიმე დღით ჩასვლაზე, ამერიკელი ტურისტების რაოდენობა წელიწადში 15 ათასით გაიზრდება, ანუ გაორმაგდება.“
ბატონი ვეინი ამბობს, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი არა ხმოლოდ მოიზიდოს, არამედ გაზარდოს ტურისტების დანახარჯები ქართულ კურორტებზე. მაგალითად, 2006 წელს საქართველოში ჩასული ტურისტი საშუალოდ 308 ევროს ხარჯავდა. ახალი სტრატეგიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ქართულ კურორტებს 2015 წლისთვის შესაძლებლობა ექნება თითოეული სტუმრის დანახარჯი 44%-ით ანუ დაახლოებით 443 ევრომდე გაზარდოს.
ბატონი ვეინი მიიჩნევს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია ყველამ გაითვალისწინოს, რომ უნდა შეიქმნას მყარი ინფრასტრუქტურის ქსელი და დაიხვეწოს საგანმამათლებლო ინფრასტრუქტურა:
„ამის მიღწევა ერთ ღამეში შუძლებელია. როდესაც საუბარია ხალხის დამოკიდებულებაზე, მისთვის განათლების მიცემასა და სერვისის მიმართულებით ორიენტირებაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს ევროპული ბაზრის მაღალი კონკურენტუნარიანობა და „ტურიზმის ახლებურ სამყაროში“ საქართველოს ჩართვის ხერხები.“
ქართული ბიზნეს წრეების ტურიზმის სფეროში ახლო წარსულში მიღწეული წარმატება იმედის მომგვრელია. თუმცა, მხოლოდ კერძო სექტორი ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიას ვერ განავითარებს. ამისთვის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების აქტიური თანამშრომლობაა საჭირო. თუ რომელიმე ქალაქში 10 სასტუმტო შენდება, მთავრობამ უნდა იფიქროს სატრანსპორტო, წყლისა და ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, უნდა შემუშავდეს გეგმა, თუ სად იცხოვრებს ის ხალხი, რომელიც ახალ სასტუმროებში დასაქმდება, სად ივლიან სკოლაში სასტუმროში დასაქმებული ოჯახების შვილები და ასე შემდეგ.
ბატონი ვეინი აცხადებს, რომ საქართველოში უკვე არსებობს დაახლოებით 25 სასტუმრო, რომლებიც შეიძლება ისეთ რეგიონალურ ტურისტულ ცენტრებს დაუკავშირდეს, როგორიცაა:
„სიღნაღი, თელავი, გუდაური, ვარძია, წყალტუბო და ასე შემდეგ. ეს შეიძლება არაჩვეულებრივი ტურისტული ცენტრი გახდეს, რომელსაც საუცხოო არქიტექტურა და ულამაზესი ბუნება აქვს. მაგრამ, ამ ამგვარი ქსელის განვითარებისთვის აუცილებელია სარესტავრაციო სამუშაოები და ინვესტიციები, რომელთა მოზიდვაც რთული იქნება ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნის გარეშე.“
ბატონი ვეინის თქმით, საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს. წარმატების მისაღწევად ორი რამაა საჭირო - სურვილი და კარგად გააზრებული გეგმა - სურვილი კერძო სექტორის, ხოლო სტრატეგიული გეგმა ხელისუფლების მხრიდან.