ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლანდიელები უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან


ჰოლანდიაში ოთხშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის მიხედვით, რომელსაც კანონის ძალა არ გააჩნია, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ევროპის კავშირთან უკრაინის ასოცირების შეთანხმებას მხარს არ უჭერს. ბიულეტენების 99 პროცენტის დათვლამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 61 პროცენტზე ოდნავ მეტი შეთანხმების წინააღმდეგია და მას მხოლოდ 38 პროცენტი უჭერს მხარს.

რეფერენდუმი საკმაოდ გარკვეულ სიგნალს უგზავნის ჰოლანდიის პარლამენტს, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს. პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ შედეგების გამოცხადების შემდეგ თქვა, რომ მთავრობას და პარლამენტს შორის შემდგომი ნაბიჯების შესახებ კონსულტაციები გაიმართება.

რეფერენდუმის შედეგები იმასაც აჩვენებს, რომ ევროკავშირის, როგორც ბლოკის მხარდაჭერა ჰოლანდიაში არც ისე მაღალია. სამ თვეში დაგეგმილ რეფერენდუმზე ბრიტანელები ევროკავშირში დარჩენას უყრიან კენჭს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ევროპის კავშირთან ასოცირების შეთანხმებას მხარს უჭერს. ოთხშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ “უკრაინის დემოკრატიულ და სტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნად გადაქცევა შეერთებული შტატების, ჰოლანდიის და ევროკავშირის ინტერესებშია.”

XS
SM
MD
LG