ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის მდგომარეობის ანგარიში გამოაქვეყნა


France Terrorism
France Terrorism
30 აპრილს, სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრ-ტერორისტული საქმიანობის კოორდინატორ, ელჩ თინა ქეიდენაუს მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული, 2013 წლის ტერორიზმთან დაკავშირებული ანგარიში გაჟღერდა.

საქართველომ, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებით, დემოკრატიული პროგრესის მიმართულებით მშვიდობიანი სვლის არჩევანი განამტკიცა და ხელისუფლების შეცვლის თანადროულად, აშშ-სთან ანტიტერორიზმის საკითხებში თანამშრომლობას უწყვეტად აგრძელებდა. ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი მთავრობა შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას გააგრძელებს.

ანგარიშში 9 სექტემბერს სეპარატისტულ აფხაზეთში მომხდარი რუსი დიპლომატის მკვლელობა მოხვდა. ამ მკვლელობასთან დაკავშირებით, ეჭვმიტანილი ისლამისტი ექსტრემისტი, საქართველოს ხელისუფლებამ მოგვიანებით ბათუმში დააკავა. ტერორიზმი ამ მკვლელობის შესაძლო მიზეზად განიხილება, თუმცა გამოძიება წლის ბოლოსთვის ისევ გრძელდებოდა.

2013 წელს საქართველოს ანტი-ტერორისტული კანონმდებლობა გაუმჯობესდა. ტერორიზმის ცნება გაფართოვდა და ტერორიზმის მცდელობაც კრიმინალის კატეგორიას მიეკუთვნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფებს ტერორიზმთან ბრძოლის შესაძლებლობები აქვთ, პერიოდულად ერთობლივადაც მოქმედებენ, მაგრამ ინფორმაციის გაზიარების და მოქმედების კოორდინაციის ყოვლისმომცველი სტრატეგია არ არსებობს.

შეერთებული შტატები, საქართველოს საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანტიტერორისტული დახმარების პროგრამის ფარგლებში ეხმარებოდა. 2013 წელს, ამ პროგრამაში დაახლოებით 200 ქართველი ოფიცერი მონაწილეობდა. სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა პროგრამები, საქართველოს საზღვაო საზღვრების გავლით მასობრივი განადგურების იარაღის გატარების აღმოჩენის და აღკვეთისკენ იყო მიმართული. აქვე შედიოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე საექსპორტო კანონმდებლობის დანერგვა.

საქართველო ევროსაბჭოს იმ კომიტეტის წევრია, რომელიც ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების ექსპერტებს აერთიანებს. ფინანსური კონტროლის გასაძლიერებლად, 2013 წელს საქართველომ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რითაც საკრედიტო ორგანიზაციებს კლიენტებზე ინფორმაციის და საბანკო ოპერაციების მონაცემთა ელექტრონული ბაზების შექმნა დაევალათ.

2013 წლის 1 ივლისს, ირანთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საქართველომ დროებით შეაჩერა. ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა „ურთიერთგაგების მემორანდუმს“ ბევრ ქვეყანასთან მოაწერა ხელი.

საქართველო არის გუამის აქტიური წევრი. ის ასევე ევროსაბჭოს ტერორიზმის შეზღუდვის კონვენციების და მათი შესწორებული პროტოკოლის ხელმომწერიცაა.

საქართველომ ისრაელთან და ლიტვასთან ანტიტერორისტულ და სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობის ორმხრივ შეთანხმებას მოაწერა ხელი და კრიმინალთან ბრძოლის და საპოლიციო თანამშრომლობის ასეთი ორმხრივი შეთანხმებების რიცხვი 22-მდე გაზარდა
XS
SM
MD
LG