მსოფლიო ტერორისტული სამყაროს ლიდერის ოსამა ბინ ლადენის სიკვდილს ეხმაურება, მაგრამ სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები და სამართალდამცველები სხვა ტერორისტების წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას მედიის ყურადღების მიღმა დაუღალავად აგრძელებენ. ერთ-ერთი პირი, რომელმაც ამ ჩრდილოვანი სფეროს შესახებ ბევრი რამ იცის, გახლავთ ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინში მდებარე კერძო გლობალური სადაზვერვო ფირმა „სტრატფორის“ ანალიტიკოსი ფრედ ბურტონი, იუწყება ჰიუსტონიდან ამერიკის ხმის კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი.
როცა 80-იან წლებში ფრედ ბურტონმა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა დაიწყო, იგი სამწევრიან გუნდში შედიოდა, რომელსაც ტერორისტებისგან საზღვარგარეთ მივლინებული ამერიკელი დიპლომატების დაცვა ევალებოდა. დღეს-დღეობით ამგვარ გუნდებში ბევრად უფრო მეტი თანამშრომელი შედის არა მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტში არამედ ფედერალური მთავრობის სხვა უწყებებშიც, რომლებსაც ანტი-ტერორისტული საქმიანობა ევალებათ.
2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ, შეერთებული შტატების მთავრობამ საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ და მსგავსი თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით მთელი რიგი აგრესიული ზომა მიიღო.
ბურტონის აზრით, მართალია გადადგმული ნაბიჯების შედეგად შეერთებული შტატები უკეთესად არის დაცული, ქვეყნის სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია.
„ახლა 11 სექტემბრის მსგავსი მოვლენისთვის ჩვენ უფრო კარგად ვართ მომზადებულები ვინაიდან ამ ტრაგედიიდან ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ. პირველადი დახმარების სამსახურების თანამშრომლები სათანადოდ არიან მომზადებულები. საბედნიეროდ, ჩემი აზრით, გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე სტრატეგიული საფრთხის ნებისმიერი გამოვლინება ეფექტურად გაანეიტრალა. თუმცა დამოუკიდებლად მოქმედი ჯიჰადისტების შეჩერება ძნელი იქნება და ისინი ალბათ თავდასხმების მოწყობას შესძლებენ,“ აღნიშნა ბურტონმა.
ამერიკელი ექსპერტის თქმით, იმ პირების აღმოჩენა და დროული განეიტრალება, რომლებიც ამა თუ იმ ტერორისტულ ორგანიზაციასთან არ არიან დაკავშირებულნი, თითქმის შეუძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს კი ქმნიან ის ორგანიზაციები, რომლებსაც ფართომასშტაბიანი თავდასხმების დაგეგმვა და ორგანიზება ძალუძთ. მსოფლიოში ამგვარი დაჯგუფებების საქმიანობის გამოძიება ძალზედ რთულია, მაგრამ ბურტონი აღნიშნავს, რომ ყოველდღიურად ამ სფეროში სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები და სამართალდამცველები დაუღალავად მუშაობენ და მათი მოღვაწეობის შესახებ საზოგადოებამ ხშირად არაფერი იცის.
„რთული სამუშაოა. ახლა ამ სამუშაოს ჩატარება უფრო გართულდა ვიდრე ადრე, როცა ამ სფეროში მეც ვიყავი დასაქმებული. პირადი გამოცდილებიდან შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ოჯახებისთვის ყველაფრის გადატანა ადვილი როდია. ამას ემატება ისიც, რომ თანამშრომელთა 95 პროცენტს გაწეული სამსახურისთვის მადლობას არავინ გადაუხდის,“ დასძენს ბურტონი.