ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანელებმა და ევროპამ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების 75-ე წლისთავი აღნიშნეს


ბრიტანელები მდუმარედ ფეხზე იდგნენ და დედოფალ ელისაბედის ერისადმი მიმართვას უსმენდნენ, რომელიც “ევროპაში გამარჯვების” 75-ე წლისთავს მიეძღვნა. თუმცა, ევროპის კონტინენტზე, კორონავირუსმა მეორე მსოფლიო ომის მოგონებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების უფრო მოკრძალებულად ჩატარება გამოიწვია.

ქვეყნის მილიონობით მოქალაქესთან ერთად, პრინცმა ჩარლზმა, თავისი ოჯახის ბელმორალის მამულში, ორწუთიანი მდუმარება დაიცვა. ამ დროს, გაერთიანებული სამეფოს ოთხ დედაქალაქს სამხედრო თვითმფრინავებმა გადაუფრინეს, ოჯახებში კი 1940 წლის სტილში ჩაის სმა და ერთად სიმღერა დაგეგმეს.

თავდაპირველი გეგმა, რომ ფართოდ აღენიშნათ “ევროპაში გამარჯვების დღე”, როდესაც მოკავშირეებმა ნაცისტური გერმანიის უსიტყვო კაპიტულაცია მიღეს, მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით, მარტში გამოცემული სოციალური შეკრებების აკრძალვის შემდეგ შეიზღუდა.

ვეტერანების მსვლელობები და სხვა ღონისძიებები, რომელიც ხალხის თავშეყრას გულისხმობდა, გაუქმდა, მაგრამ დროშები და ბაირაღები მაინც აფრიალდა. კარანტინის გამო სახლში ჩაკეტილმა ადამიანებმა, საგანგებო ტელე და რადიოგადაცემებით ისიამოვნეს. ქალაქ დოვერის თეთრ, კლდოვან კონცხზე ეული მესტვირე გუდასტვირზე უკრავდა, როდესაც იქვე, ომის დროინდელმა “სპიტფაირებმა” გადაიფრინეს.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ახსენა “უთვალავი უბრალო ადამიანის გმირობა”, როდესაც გაიხსენა ის მილიონობით ბრიტანელი, ვინც იომა და ომის პერიოდი გადაიტანა.

საფრანგეთში, პრეზიდენტმა მაკრონმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ტრადიციულად გვირგვინით შეამკო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, ბრიტანეთის ჯონსონის და სხვების მისამართით გაგზავნილ დეპეშებში გაიხსენა ომის დროინდელი მოკავშირეების თანამშრომლობა და მიანიშნა, რომ დღევანდელი პრობლემების გადასაწყვეტად, მსგავსი ერთობის გაღვივება მართებდათ.

გერმანიაში, სადაც ნაციზმი, ჰოლოკოსტი და ომით გამოწვეული ნგრევა ჯერ კიდევ აყალიბებს იდენტობას და პოლიტიკას, კანცლერმა ანგელა მერკელმა და პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ომის და დიქტატურის მსხვერპლთა ბერლინის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG