დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის უფროსმა, ვლადიმირ ბორცვაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სამინისტრო იძიებს იმ დამატებით გარემოებებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დათო სარალიძის მკვლელობის ძირითადი საქმის სასამართლოში განხილვისას გამოიკვეთა.
„გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაძლო პირები, რომლებიც მუდმივად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას, ფარულად გავლენის მოხდენას და მტკიცებულებების განადგურებას, ფინანსური თუ სხვა გავლენების მეშვეობით სასამართლო განხილვის შედეგებზე გავლენის მოხდენას“, - განაცხადა ბორცვაძემ.
გუშინ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება მეორე მოკლულს, დავით სარალიძეს, მის საქმეზე სასამართლომ ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლა, მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა მკვლელობის მცდელობით შეუცვალა. მოსამართლე ეკა არეშიძემ სასჯელის ზომები დღეს გამოაცხადა: გ.ბ.-ს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის, მიესაჯა - 10 წელი და 6 თვე. გ.ჯ.-ს კი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, მიესაჯა - 9 წელი და 9 თვე.
გუშინ განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. დავით სარალიძის მამამ მოსახლეობას მხარდაჭერა სთხოვა. საპროტესტო ტალღას შედეგად მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა. დღის ბოლოს პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი მივიდა. თუმცა მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა განაცხადა, რომ საქმის გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გადაიბარებდა.
ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის ორი მოსწავლე 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.
Facebook Forum