ოთხშაბათს, ისრაელის მიერ მართულმა საზღვაო გადაზიდვების კომპანია „ისთერნ პასიფიკ შიფინგმა“ განაცხადა, რომ ომანის სანაპიროსთან მისი ტანკერი თავდასხმის სამიზე გახდა. გემის კორპუსმა მცირე დაზიანება მიიღო, ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან და ტვირთმა ზღვაში არ გაჟონა. ისრაელის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამაზე ირანი იყო პასუხისმგებელი.
საზღვაო ინდუსტრიიდან სამმა წყარომ სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ ტანკერს სავარაუდოდ თავს შაჰედ-136 დრონით დაესხნენ, იმავე ტიპის დრონით, რომელსაც ირანი რუსეთს უკრაინაში გამოსაყენებლად აწვდის.
ირანის უშიშროების უმაღლეს ორგანოსთან დაკავშირებულმა „ნურნიუსმა“ თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა და თქვა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც კვირას ყატარში იწყება, მიზნად „დაძაბული ატმოსფეროს“ შექმნას ისახავდა.
„ისთერნ პასიფიკ შიფინგმა“, რომელიც ხომალდის მენეჯმენტზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ იკვლევს ინციდენტს „პასიფიკ ცირკონ“ ტანკერთან დაკავშირებით, რომელიც ომანის სანაპიროდან დაახლოებით 240 კილომეტრის დაშორებით მოხდა. კომპანიამ თქვა, რომ ეკიპაჟის ყველა წევრი ადგილზეა და მათ საფრთხე არ ემუქრება.
ბოლო წლებში, ყურეში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმები აქამდეც ხდებოდა, რაც ირანთან დაკავშირებულ, რეგიონული დაძაბულობის პერიოდებს ემთხვეოდა.
ამერიკის მეხუთე ფლოტმა განაცხადა, რომ ომანის ყურეში სავაჭრო ხომალდთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ ინფორმაცია აქვს. ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების უწყების განცხადებით კი, ინციდენტის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს.
ამ ინციდენტისგან დამოუკიდებლად, ორმა წყარომ სააგენტო „როიტერს“ აცნობა, რომ საბერძნეთმა და ირანმა, საბერძნეთის დროშის ქვეშ მყოფი იმ ორი ტანკერის გათავისუფლების შეთანხმებას მიაღწიეს, რომლებიც ირანმა დააკავა. ირანმა ტანკერები, აშშ-ის მიერ საბერძნეთში ირანული დროშის ქვეშ მყოფი ტანკერიდან ნავთობის კონფისკაციის საპასუხოდ დააკავა.