წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარების სირიელმა წარმომადგენლებმა ქალაქ ჰომსიდან რამდენიმე ადამიანის გამოყვანა შეძლეს. თუმცა სამთავრობო ძალების მიერ ალყაში მოქცეული ქალაქიდან მათ ვერ შეძლეს უცხოელი ჟურნალისტების ევაკუაცია.
ჟენევაში მომქმედი წითელი ჯვრის კომიტეტის პრესსპიკერის განცხადებით, სირიის წითელი ნახევარმთვარის სასწრაფო დახმარების მანქანები მეამბოხეების მიერ დაკავებულ ბაბა ამრის რეგიონში შევიდნენ და სამი დაჭრილი სირიელი გამოიყვანეს. ჟურნალისტები კი, რომელთაგან ორი დაჭრილია, კვლავ ალყაში რჩებიან. ვერ მოხერხდა ასევე გასულ კვირას გარდაცვლილი ორი ჟურნალისტის ცხედრის გამოტანაც რეგიონიდან.