ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი სანქციები სირიისთვის


A Free Syrian Army soldier holds a weapon as he takes part in a training session on the outskirts of Idlib, Syria.
A Free Syrian Army soldier holds a weapon as he takes part in a training session on the outskirts of Idlib, Syria.

საფასური რეჟიმის მხარდაჭერისთვის

შეერთებულმა შტატებამ სირიის მთავრობის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადა. ასევე ვაშინგტონის განცხადებით, ლიბანში მოქმედი ჰეზბოლას დაჯგუფება სირიის მთავრობას ამბოხების ჩახშობაში ეხმარება. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დენ რობინსონი არკვევდა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სირიის სამთავრობო ნავთობკომპანია „სიტროლს“ მკაცრი სანქციები დაუწესა. მიზეზი ირანისთვის საწვავის მიწოდება გახდა. თეირანი ხომ სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის სტრატეგიულ მოკავშირედ განიხილება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის კომპანიამ ხელი შეუწყო ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებას. ამერიკის მთავრობამ გაყინა ჰეზბოლას ყველა ანგარიში და ასევე ამერიკელებს და ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ დაჯგუფებასთან ურთიერთობა აეკრძალათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია,რომ ჰეზბოლა სირიის სამთავრობო არმიას წვრთნებით, რჩევებით და ლოჯისტიკით ეხმარება. ასევე, ამ დახმარებაში ჩართულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.
როგორც პრესმდივანმა ჯეი კარნიმ განაცხადა, ამ სანქციებს პრაქტიკული დანიშნულება გააჩნია.

„ცალკეული სანქციებით ასადის დაფინანსება ვერ შეჩერდება, თუმცა, კოლექტიურ სანქციებს შეუძლიათ ზეწოლის განხორციელება,“ - განაცხადა კარნიმ.

ჯორჯ ლოპესი, ნოტრდამის მშვიდობის ინსტიტუტის პროფესორია. ის ამბობს, რომ ამერიკული სანქციები ეს არის გზავნილი სირიის მოკავშირეებისთვის.

„ეს სანქციები ირანული კონფერენციის შემდეგ დღეს დაწესდა, სადაც დამასკოს რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი. ვფიქრობ, ამ სანქციებით ვაშინგტონმა სიგნალი გაუგზავნა სხვა ქვეყნებს, რომ სირიის რეჟიმის მხარდაჭერისთვის გარკვეული საფასური უნდა გაიღონ,“ - ამბობს ლოპესი.

მისი თქმით, საკმაოდ დროულია ჰილარი კლინტონის მიერ მოლაპარაკებების მომზადება თურქეთის მთავრობასთან და სირიელ მეამბოხეებთან.
როგორც მოსალოდნელია, სახელმწიფო მდივანი სირიელი დევნილებისთვის 5 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადებს. შეერთებული შტატები განაგრძობს სირიის ოპოზიციისთვის არასამხედრო დახმრების გაწევას.
XS
SM
MD
LG