სირიაში მიმდინარე დაუნდობელი სამოქალაქო ომი მეზობელ ქვეყნებსაც უქმნის საფრთხეს. თურქეთის სამხრეთში, სირიის საზღვრის მახლობლად ავტომანქანებში დამაგრებული ორი ბომბის აფეთქების შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
როგორც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მშვიდობის ინსტიტუტის ამერიკელი ექსპერტი სტივენ ჰეიდემანი ამბობს:
“ მოსალოდნელია ამ რეგიონში არსებული კონფლიქტების ესკალაცია, რადგან სირიაში მიმდინარე ომის ფონზე კიდევ უფრო ძლიერდება რეგიონში მეტოქეობა, რაც შემდგომ დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.“
სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამოძახილია ლიბანის ქალაქ ტრიპოლიში საომარი მოქმედებების დაწყება სუნიტებსა და ალავიტების სექტას შორის, რომელიც შიიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობაა. ამ სექტის წევრები სირიის დღევანდელი მმართველი კლასის ელიტას წარმოადგენენ.
ბეირუთში სირიის რეჟიმის მხარდამჭერმა შიიტურმა ორგანიზაცია ჰეზბოლამ დიდი მიტინგი მოაწყო ისრაელის წინააღმდეგ, რომელმაც ახლახან სირიაში მეომარი ჰეზბოლას რაზმები დამობმა, რათა მათთვის ირანიდან მიწოდებული იარაღის გამოყენების საშუალება მოესპო.
როგორც დოჰას ბრუკინგსის ცენტრის დირექტორი სალმან შეიხი ამბობს:
“ რეგიონში იმდენად ძლიერია სხვადასხვა ინტერესების შეჯახება, რომ ამ პრობლემის დიპლომატიური გზებით მოგვარება შეუძლებელია. ერთმანეთთან დაპირსპირებული მხარეები სირიის ჭაობში აღმოჩნდნენ ჩაფლულნი.“
მაშინ როდესაც მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოები, შეერთებული შტატები და რუსეთი, სირიის კონფლიქტის მოგვარების მიზნით სამშვიდობო კონფერენციის ჩატარებას გეგმავენ, ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო მატულობს დაძაბულობა. ათასობით სირიელმა ლტოლვილმა თურქეთს, იორდანიასა და ლიბანს შეაფარა თავი. მარტო იორდანიაში დაახლოებით ნახევარი მილიონი სირიელი ლტოლვილია ჩასული. თურქეთის პოლიცია კი მღელვარებით მოცული სირიელი ლტოლვილების ბანაკებში ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს სტუაციის დაწყნარებას.